RSS

Category Archives: კონსტიტუციური სამართალი

პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი და პარტიული დისციპლინა

I.შესავალი

პარლამენტის წევრის სტატუსის შემადგენელი ძირითადი ელემენტს – პარლამენტისწევრის მანდატს კანონმდებელმა კონსტიტუციური მნიშვნელობა მიანიჭა და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა რეგულაციებტან ერთად ისიც კონსტიტუციის ერთ-ერთი ნორმით დაარეგულირა. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. 1

ჩვეულებრივი მკითხველისთვის, რომელსაც კონსტიტუციის ტექსტში ხშირად ხვდება სიტყვები ,,თავისუფლება“, ,,უფლება“, ,,დაუშვებლობა“ ,,საყოველთაოობა“, ეს ნორამც ერთი რიგითია, თუმცა ქვემოთ მე ვეცდები განვმარტო მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ზოგადად სახელმწიფოსთვის, ასევე კონკრეტულად სახელმწიფოსთვის.

პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი წარმოადგენს არა უბრალოდ თეორიულ იურიდიულ ცნებას, არამედ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკულ კონსტიტუციონალიზმში და უფრო მეტიც, იგი ცდება იურისპრუდენციის ჩარჩოებს და მინშვნელოვან საზოგადოებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ უამრავ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციურადაა რეგულირებული დეპუტატის თავისუფალი მანდატი, მაინც ვერ ხერხდება პარტიული წესრიგის დამყარება და დეპუტატთა ხშირი, თვითნებური პარტიათა და ,,მოსაზრებათაშორისი“ მიმოსვლის და პოლიტიკური არასტაბილურობის თავიდან აცილება, რაც თავისთავად შეიცავს რეალურ საფრთხეს, რომ ეს ინსტიტუტი (თავისუფალი მანდატი) არა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, არამედ მისი რღვევისა და ოხლოკრატიის ჩამოყალიბების ხელშემწყობი მიზეზი გახდეს. სწორედ პარტიულ დისციპლინასთან ერთად აღქმული თავისუფალი მანდატის ცნება იძლევა ამ ნაშრომის სათაურად გამოტანილ დადებით შედეგს და არამც და არამც კონსტიტუციის ერთი მუხლი. ქვემოთ მე შევეცდები, სწორედ ამაზე ვისაუბრო და განვმარტო ამ ინსტიტუტის კონსტიტუციური რანგის მნიშვნელობა.

დისკუსია ამ საკითხის გარშემო ჯერ კიდევ აქტუალურია და თუნდაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 9-10 წლის წინ ამაზე სერიოზული დებატებიც კი იყო. (ვგულისხმობ ლეიბორისტული პარტიის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს იმპერატიული მანდატის შემოტანის თაობაზე. 2)

II.  ცნება და შინაარსი

1. პარლამენტის წევრის მანდატის ცნება და სახეები

პარლამენტის წევრის მანდატის ცნებასა და შინაარსზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა სიტყვა ,,მანდატის“ ეტიმოლოგიური  სემანტიკური განმარტება. იგი წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან ,,mandatum’’ (mandare), რაც ქართულ თარგმანში დავალებას ნიშნავს. ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის განმარტების თანახმად, მანდატი წარმოადგენს ვისიმე რწმუნებულობის დამადასურებელ დოკუმენტს.3  შესაბამისად, აშკარაა, რომ დეპუტატის4 მანდატი გულისხმობს იმ დელეგირებულ უფლებათა ერთობლიობას, რომელსაც იგი ხალხისგან იღებს და რომელიც წარმოადგენს ერთადერთ საფუძველს იმ უფლებათა და მოვალეობათა, პრივილეგიათა და პასუხისმგებლობათა, რომელიც, ჩვეულებრივ, პარლამენტის წევრს გააჩნია. პარლამენტის წევრის მანდატი შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც უფლება იყო პარლამენტარი, ანუ წარმოადგენდე ხალხს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

ფაქტია, რომ ყველა შემთხვევაში პარლამენტის წევრის მანდატი ნიშნავს წარმომადგენლობის უფლებას, მაგრამ სხვადასხვა შეიძლება იყოს ამ წარმომადგენლობის ხასიათი, შინაარსი. კერძოდ, გამოყოფენ ორ ანტონიმური მნიშვნელობის მქონე მანდატის სახეს – იმპერატიულსა და თავისუფალ მანდატს. პირველი დამახასიათებელი იყო ადრეული პერიოდის პარლამენტებისთვის, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, ხოლო მეორე თანამედროვე პარლამენტარიზმისგან ფაქტობრივად განუყოფელ ცნებას წარმოადგენს.

იმპერატიული მანდატი გულისხმობს პარლამენტის წევრის გაწვევის დასაშვებობას.5 ეს ნიშნავს იმას, რომ იგი (დეპუტატი) ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ამომრჩევლისა და პარტიის წინაშე და მისი ქმედებანი ნაკარნახევი უნდა იყოს არა საკუთარი პიროვნებიდან და სინდისიდან გამომდინარე, არამედ პარტიის იდეოლოგიისა და ხალხის პირდაპირი მოთხვნის შესაბამისად.  შესაბამისად იმპერატიული მანდატი არის გარანტი რეპრეზენტატორული, ანუ პირდაპირი დემოკრატიისა.6

რეპრეზენტატორული დემოკრატიის საპირისპირო ცნებაა საპარლამენტო დემოკრატია7, რომელიც თავის თავში მოიაზრებს დეპუტატის თავისუფალ მანდატს. პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი გულისხმობს მისი გაწვევის დაუშვებლობას და შესაბამისად, იმას, რომ

4 ქვემოთ ცნებები  – ,,დეპუტატი“ და ,,პარლამენტის წევრი“ თანაბარი მნიშვნელობის მქონე იქნება გამოყენებული, ვინაიდან მსჯელობის თემა არ მოიცავს მათი გამიჯვნის აუცილებლობას. (ავტ. შენიშვნა)

პარლამენტის წევრი გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საკუთარი სინდისისა და მოსაზრებების თანახმად. რა თქმა უნდა, თავისუფალი მანდატის არსებობა არ გამორიცხავს დეპუტატის ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას მისი ამომრჩევლის და პარტიის წინაშე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ვალდებულება წარმოადგენს არა იმდენად იურიდიულ ვალდებულებას, რამდენადაც სოციალურ-პოლიტიკური იძულების მექანიზმის ნაწილად გახდომას, რომელიც მოიცავს პრინციპს – ,,არ გააკეთებ – არ აგირჩევ“.

1.1. იმპერატიული მანდატი.

როგორც უკვე ვთქვით, იმპერატიული მანდატი წინ უსწრებდა მის ალტერნატივას – თავისუფალ მანდატს. ათენის ანტიკურ დემოკრატიაში,რომელიც პირდაპირ, რეპრეზენტატორულ დემოკრატიას წარმოადგენდა, მხოლოდ იმპერატიული მანდატი არსებობდა. ხოლო საკუთრივ ცნება პირველად საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის დროს დამკვიდრდა. მას შემდეგ საბჭოეთის ადრეულ წლებში საბჭოთა კავშირში, ასევე სხვა მცირე დროით აღმოცენებულ რევოლუციურ სახელმწიფოებში  მოქმედებდა იმპერატიული მანდატის პრინციპი. თანამედროვე სამყაროში ძალზე იშვიათია წმინდა იმპერატიული მანდატით პარლამენტარის შებოჭვა, თუმცა ევროპულ სახელმწიფოებშიც კი, მაგალითად გერმანიის ბუნდესრატში, ასევე სერბეთის პალამენტში მოქმედებს იმპერატიული მანდატი.

მიუხედავად იმისა, რომ იმპერატიული მანდატი საუკეთესო საშუალებაა იმაზე, რომ ხალხმა თვითონ აკონტროლოს მისი უფლებების დელეგირებას მოყოლილი შედეგები, რაც ლოგიკურად დემოკრატიის მაღალ ხარისხს უნდა განაპირობებდეს, იმპერატიული მანდატი ძირითადად პირიქით მოქმედებს და ხელს უწყობს არა ხალხის, საზოგადოების, არამედ სხვა კერძო ინტერესებს. იმპერატიული მანდატი ოლიგარქების ხელში მნიშნელოვან იარაღად ყალიბდება, ხელისუფლების მცირე წრისთვის ხელში ჩასაგდებად, მიღებულ სისტემას კი არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და სამართლებრივ სახელმწიფოსთან.8 ამიტომაც მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ უარი ითქვა პარლამენტის წევრის ასეთ სტატუსზე.

1.2. თავისუფალი მანდატი

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, თავისუფალი მანდატი იმპერატიულის საპირისპირო ცნებაა. ერთი შეხედვით იგი ზღუდავს ხალხის უფლებას, გააკონტროლონ  მათ მიერ არჩეული დეპუტატი, რომელმაც ლოგიკურად უნდა აკეთოს ის, რაც ხალხს სჭირდება. თუმცა სწორედ ამ მიზანში, რომ დეპუტატმა ის უნდა აკეთოს, რაც ხალხს სჭირდება, გვხვდება პარადოქსი – რადგან მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხალხზე ირიბად დამოკიდებული პარლამენტის წევრი ბევრად ეფექტურად მოქმედებს და ბევრად ნაყოფიერია მისი საზოგადოებრივი კონტროლი. აქ შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ასპექტი: 1. ადამიანი, ვინც თავისი სინდისის შესაბამისად მოქმედებს და პასუხისმგებლობას სხვას არ უნაწილებს, მეტს ინდომებს. 2.ადამიანი, რომლის საქმეშიც უხეშად არ ერევიან, ბევრად ნაყოფიერად მუშაობს. 3. ადამიანი რომელსაც აქვს თავისუფლება, ხშირად ბოროტად იყენებს ამ თავისუფლებას.

შესაბამისად თავისუფალ მანდატზე საუბრისას პირველ რიგში მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მიმართულია სწორედ მე-3 პუნქტისკენ და ამით გამოწვეული საფრთხეების ანალიზისკენ. დიახ, თავისუფალი მანდატის სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ არსებული პრობლემის გადაჭრას მივუდგეთ არა ვიწრო იურიდიულად, არამედ უფრო გლობალურად. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში წლების განმავლობაში იყო პოლიტიკური კრიზისი ,,მერყევი პოლიტიკოსების“  მიზეზით. 9  თუმცა ამის დაბალანსება და გამოსწორება მოხდა არა კონსტიტუციური ცვლილებით პარლამენტის წევრის მანდატთან დაკავშირებით, არამედ, ,,საზოგადოებრივი დუღილის“ ჩაცხხრობით და პარტიული დისციპლინის10 მაღალ დონეზე აყვანით, რაც მოგეხსენებათ იურიდიულ ნორმებზე არაა მხოლოდ დამოკიდებული. იურისპრუდენცია ვალდებულია სამართლებრივი საფუძველი შეუქმნას მომავალ ჯანსაღ საჭირო პროცესს, ხოლო საკუთრივ პროცესი საზოგადოებაში უნდა დაიწყოს. 11

2. პარტიული დისციპლინა და საზოგადოების სოციალური მზაობა.

ზემოთ მითითებულ სტატიაში, რომელიც 2003 წელს რადიო თავისუფლების გვერდზე გამოქვეყნდა ინტერნეტში, განხილულია ერთერთი ქართული პოლიტიკური პარტიის მიერ კანონპროექტის შემოთავაზების ფაქტი იმპერატიული მანდატის შემოღებასთან დაკავშირებით. სტატიაში განსაკუთრებული ბევრი არაფერია, თუ არ ჩავთვლით ინიციატორი პარტიის წარმომადგენლის არგუმენტს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ იმპერატიული მანდატის შემოღება აუცილებელია იმდენად, რამდენადაც არსებობს ე.წ. ,,მოღალატე დეპუტატების პრობლემა“. 12  საქმე ისაა, რომ აქ გამოსავალი არა  სხვა პარტიაში გარდამავალი დეპუტატებისთვის ფეხების დამტვრევაა, არამედ მძლავრი პარტიული ინსტიტუტის შექმნა. ისეთ ქვეყნებში, სადაც ასეთი პრობლემა დგას, არმხოლოდ პოლიტიკოსების პარტიათაშორისი მიმოსვლის საკითხი დგას ასე მწვავედ, არამედ თვით პარტიათა იდეოლოგიაც არაა მკვეთრად გამოკვეთილი. პირველ რიგში სწორედ ეს განაპირობებს პოლიტიკოსთა მერყევობას. ხშირად თუნდაც საქართველოში, პარტიები, რომელთაც მემარჯვენე სახელი აქვთ, ცენტრისტები არიან, ხოლო რესპუბლიკელები მონარქიისკენაც კი მოუწოდებენ ხოლმე ამომრჩევლებს. შესაბამისად, დასკვნის გამოტანა მეტად მარტივია – საზოგადოების უმწიფრობა არის მიზეზი პოლიტიკოსთა მიერ თავისუფალი მანდატის არასწორი მიმართულებით გამოყენებისა.

2.1. პოლიტიკური პარტიები – ცნება, სახეები.

პოლიტიკური პარტიის, როგორც ინსტიტუტის განვითარება თანამდევია პარლამენტარიზმის განვითარებისა. სწორედ პარლამენტარიზმის მომძლავრებასთან ერთად მე-18 საუკუნის

ბოლოს ევროპაში, კერძოდ საფრანგეთშ და მოგვიანებით ინგლისში ჩამოყალიბდა მოქალაქეთა იდეოლოგიური გაერთიანებები, რომელებსაც შეგვიძლია პარტია ვუწოდოთ. პარტიის ცნების განმარტება უმჯობესია ისევ სემანტიკური ანალიზით დავიწყოთ ეს სიტყვაც ლათინურია და ლათინური სიტყვიდან ,,pars’’  წარმოდგება, რაც ნაწილს ნიშნავს. პოლიტიკური პარტია მართლაც რომ მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოებისა. 13 თუმცა ძალიან რომ გავამარტივოთ, პარტია სისტემატიზირებული და ორგანიზებული იდეოლოგიაა, ხალხისთვის სააშკარაოზე გამოტანილი იდეოლოგია, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ხალხი მას გაჰყვეს.

ვინაიდან არსებობს ათობით იდეოლოგია, განასხვავებენ ასევე მრავალ პარტიის ტიპს, კერძოდ,პარტია შეიძლება იყოს დემოკრატიული და ავტორიტარული. ძირითადი კურსისა და დოქტრინის მიხედვით კი განასხვავებენ რეფორმატორულ, კონსერვატიულ, ლიბერალურ, სოციალ-დემოკრატიულ, კლერიკალურ, რადაიკალურ და სხვა პარტიებს. 14

2.2. აქტიური და პასიური ამომრჩევლის პასუხისმგებლობა.

1987 წელს ბრიტანეთში გამოვიდა კენ ლივინგსტონის საინტერესო წიგნი სათაურით: ,,ხმის მიცემა რომ რამეს ცვლიდეს, ვინ დაგვაცლიდა…“. 15 ლონდონის მერის ირონია არ ყოფილა უსაფუძვლო. სახელმწიფოს ცხოვრებაში უმთავრესი როლი სწორედ ამომრჩეველს შეაქვს. თუმცა ამომრჩეველი არსებობს ორი სახის – აქტიური, ვინც ირჩევს და პასიური, ვისაც ირჩევენ. თავისუფალი მანდატის არსებობა ქვეყნის კანონმდებლობაში ავტომატურად გულისხმობს ორივე მათგანის მაქსიმალურ მზაობას პასუხისმგებობისთვის. პირველ რიგში ეს პასუხისმგებლობა ეკისრება პასიურ ამომრჩეველს, ანუ არჩეულ პარლამენის წევრს – ვინაიდან მასზე გაცემულია ნდობის მანდატი. ამასთანავე თავისუფალი მანდატის შინაარსი, რაც გულისხმობს იმას, რომ დეპუტატი მთელი ქვეყნის წარმომადგენელია და არა იმ ტერიტორიული ოლქისა, სადაც იგი აირჩიეს, გულისხმობს იმას, რომ დეპუტატისთვის მინიჭებულია არა თვითმმართველობის საკანონმდებლო რეგულაციის, არამედ კონსტიტუციური რანგის უფლება. ეს გულისხმობს იმას, რომ მან უნდა იფიქროს არა ვიწრო ტერიტორიული ან სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ის ოლქი სადაც ის არჩეულ იქნა, დეპუტატმა უნდა წარმოადგინოს და აღიქვას,როგორც მთლიანი სახელმწიფოს ნაწილი და მისი ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. ეს თავისთავად ნიშნავს იმასაც, რომ დეპუტატი შებოჭილია საჯარო ინტერესით, უბრალოდ ეს საჯარო ინტერესი განზოგადებულია მთელ სოციუმზე და არა ერთ კონკრეტულ საარჩევნო ოლქზე.  შესაბამისად სწორად გააზრებული თავისუფალი მანდატი იწვევს არა საზოგადოების დაშლასა და დაქსაქსვას, არამედ მის ორგანიზებას იმისათვის, რომ შეიქმნას ჯანსაღი სოციალური ჯაჭვი – საჯარო პასუხისმგებლობა თითოეულ ამომრჩეველზე, ანუ ჯანსაღი სოციუმი            ჯანსაღი სოციუმიდან აღმოცენებულილ მძლავრი პოლიტიკური ინსტიტუტები                საჯარო ინტერესით შებოჭილი თავისუფალი მანდატის მქონე

დეპუტატი                 პარლამენტარიზმის პრინციპებზე აღმოცენებული დემოკრატია.

III. დასკვნა

ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან აშკარაა მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვს მინიჭებული დეპუტატის მანდატის მარეგულირებელ ნორმას კონსტიტუციური ხასიათი. მარტივად შეიძლებე დავასკვნათ, რომ ეს ერთი თითქოს ჩვეულებრივი ინსტიტუტი და მისი სიძლიერე  განაპირობებს ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მმართველობის ხასიათს და დემოკრატიის მაჩვენებლს მასში.

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეპუტატის მანდატზე საუბრისას მნიშვნელოვანია პარტიულ დისციპლინაზე, როგორც თავისუფალი მანდატის უარყოფითი თვისებების დამაბალანსებელ ბერკეტზე ყურადღების გამახვილება.

ზემო მსჯელობა ასევე,  მიუხედავად კვლევის არა განსაკუთრებული სიღრმისა, იძლევა დაფიქრების საშუალებას სოციუმის როლზე პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატის დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის საჭირო იარაღად გამოყენებაში, რაც თავის მხრივ ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, თავისუფალ მანდატზე და პარტიულ დისციპლინაზე მსჯელობა შეგვიძილა შევაჯამოთ ამ ორი უკანასკნელი ცნების ერთიან სიბრტყეში განხილვით, სადაც მათი შინაარსი მნიშვნელოვნად კვეთს ერთმანეთს და შეიძლება ითქვას ერთი მეორეს მოიცავს კიდეც. მათი ერთობლიობა კი ჯანსაღი სოციუმისა და მძლავრი დემოკრატიული სისტემის საწინდარია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წ.
  • მელქაძე, ოთარ, კონსტიტუციონალიზმი, თბილისი, უნივერსალი, 2006
  • დემეტრაშვილი, ავთანდილ; კობახიძე, ირაკლი;, კონსტიტუციური სამართალი (სახელმძღვანელო), თბილისი, 2008
  • ჰეივუდი, ენდრიუ, პოლიტიკა, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2006
  • Scholz, Rupert, Krise der Parteienstaatlichen Demokratie, Berlin,1983

ინტერნეტ-რესურსები:

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1526394.html

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1740

http://en.wikipedia.org/wiki/Representative_democracy

http://www.uni-protokolle.de/Lexikon/Parlamentarische_Demokratie.html

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1526394.html

ნიკა სერგია


 

Tags: , , , , ,

სახელმწიფო სამართლისა და კონსტიტუციური სამართლის იდენტურობის პრობლემები თანამედროვე დოქტრინაში

სახელმწიფო სამართლისა და კონსტიტუციური სამართლის იდენტურობის პრობლემები თანამედროვე დოქტრინაში

          სახელმწიფო – სამართალში პოვებს წესრიგს,ხოლო

                                                   სამართალი სახელმწიფოში – ხელისუფლებას,

                                რომელსაც თავადვე განმტკიცებს.[1]

                                                                                                                              ი. იზენზეე

იურიდიულ დოქტრინაში დღესაც მიმდინარეობს დავა კონსტიტუციური სამართლისა და სახელმწიფო სამართლის იდენტურობის შესახებ. მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფო და კონსტიტუციური სამართალი ერთი და იგივეა, ამის მაგალითიც არსებობს, მაგალითად რუსეთში სახელმწიფო სამართლის სასწავლო დისციპლინას ჰქვია კონსტიტუციური (სახელმწიფო) სამართალი, ასევე  რუსი მეცნიერების ნაშრომებსაც კონსტიტუციურ სამართალთან მიმართებით იგივე სახელწოდება აქვთ.  ამის საპირისპიროდ არსებობენ მეცნიერთა ერთი ნაწილი რომელიც განასხვავებს სახელმწიფო და კონსტიტუციურ სამართალს ერთმანეთისაგან და მეც ამ პოზიციას ვემხრობი. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში  სასწავლო დისციპლინას სახელმწიფო სამართალი ჰქვია, ეს ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა სადაც სამართლის ამ დარგს ასე მოიხსენიებენ.

კონსტიტუციური სამართალი, სახელმწიფო სამართალი

 კონსტიტუციური სამართალი არის სამართლის ის დარგი, რომელიც შეისწავლის კონსტიტუციური სამართლის ინსტიტუტებს.

 კონსტიტუციური სამართლის ინსტიტუტები არის  ის ინსტიტუტები, რომელნიც მოცემულია კონსტიტუციაში.  ყველაფერი რაც კონსტიტუციურ-სამართლებრივია, იმავდროულად სახელმწიფო-სამართლებრივიც არის, მაგრამ ყველაფერი რაც სახელმწიფო-სამართლებრივია, იმავდროულად არ არის კონსტიტუციურ- სამართლებრივი.[2]

  ყველა ის საკითხი, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, ვერ იქნება მხოლოდ კონსტიტუციაში გაწერილი, ამისათვის არსებობს ორგანული კანონი, რომლითაც  განისაზღვრება სახელმწიფო ორგანოების სტატუსი, ასევე მოწესრიგებულია საკითხები სახელმწიფო სიმბოლიკის, არჩევნების, რეფერენდუმის, პარლამენტის წევრის სტატუსის, საკონსტიტუციო სასამართლოს, იმპიჩმენტის, მოქალაქეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთო სასამართლოების და სხვ. ამიტომ  ის საკითხები რაც ორგანული კანონებითაა მოწესრიგებული არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციურ-სამართლებრივად, ის სახელმწიფო-სამართლებრივია.

კონსტიტუციური სამართალი

 ტერმინი კონსტიტუციური სამართალი სამი მნიშვნელობით განიხილება, კონსტიტუციური სამართალი, როგორც სამართლის დარგი, როგორც მეცნიერება და როგორც სასწავლო დისციპლინა.

 კონსტიტუციური სამართალი როგორც სამართლის დარგი არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ქვეყნის საზოგადოებრივ წყობილებას, მოქალაქეთა უფლება მოვალეობებს, დემოკრატიზმის პრინციპებს და ა.შ.[3]

 კონსტიტუციური სამართლის მეცნიერება ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც ახალი ცოდნის წარმოების მიზნით ადამიანთა მიერ განხორციელებული კვლევითი საქმიანობა, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური სამართლის ნორმებისა და ინსტიტუტების, მათი რეალიზაციის პრაქტიკისა და კანონზომიერების, ამ ნორმების მიერ რეგულირებული საზოგადოებრივი ურთიერთობების შესწავლა-შემეცნებისაკენ.[4]

 რაც შეეხება სასწავლო დისციპინას, მაგალითად თბილისის  ჰუმანიტარულ სასწავლო  უნივერსიტეტში კონსტიტუციური სამართლის შესწავლამდე ისწავლება სახელმწიფომცოდნეობა ანუ (კონსტიტუციური სამართლის თეორია), რომელიც სავალდებულო დისციპლინაა და დათმობილი აქვს 125 საათი და არის 5 კრედიტიანი, ამის შემდეგ უკვე მეორე სემესტრში თვითონ საქართველოს კონსტიტუციური სამართალი,  ხოლო მომავალ სემესტრში კი საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება, წმინდა თეორიული ნაწილისაგან, რომელიც შეისწავლის ყველა კონსტიტუციური სამართლის ინსტიტუტს მათ ფორმირებას, ამოცანებს, მიზანს და ა.შ.  ხოლო მეორე ნაწილი, რომელსაც პირობითად შესაძლებელია კერძო ნაწილიც უწოდოთ შეისწავლის უკვე თვითონ საზღვარგარეთის ქვეყნებს სათითაოდ, მათ კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, ანუ კერძო ნაწილში უფრო ახლოს და ფართოდ არის განხილული ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციური სისტემა.

 მოკლედ, რომ ვთქვათ სასწავლო დისციპლნა არის, ის თემატიკა, რაც იმ  სახელმძღვანელოშია მითითებული, რომელიც აღიარებულია კონსტიტუციური სამართლის შესასწავლად.

სახელმწიფო

 დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს დავა იმის შესახებ, თუ რა ნიშან-თვისებებს უნდა აკმაყოფილებდეს  ქვეყანა, რომ იგი სახელმწიფოდ იწოდებოდეს. ჯერ კიდევ წინა საუკუნეში მოღვაწე გერმანელი კონსტიტუციონალისტი გეორგ ელინეკი თვლიდა, რომ სახელმწიფოს არსებობისათვის საჭიროა – სახელმწიფო ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე მოღვაწე ხალხი და სახელმწიფო ხელისუფლება. ანუ ამ სამი ნიშანის გარეშე სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია, მაგრამ დრომ თავისი ქნა და საჭირო გახდა ისეთი ნიშნის  დამატებაც რასაც „აღიარება „ ეწოდება.  ეს პირველად 1933 წელს მონტევიდეოში, მე-7 პანამერიკულ კონფერენციაზე მონტევიდეოს  კონვენციით განისაზღვრა, რომელსაც ხელი მოაწერა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 18 სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.

 საერთაშორისო საჯარო სამართალში არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ორი თეორია: დეკლარაციული და კონსტიტუტიური.

   დეკლარაციული თეორიის თანახმად, სახელმწიფო სუვერენულია იმ შემთხვევაში, თუ, ის შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

ა)ჰყავს მუდმივი მოსახლეობა;

ბ)აქვს განსაზღვრული ტერიტორია;

გ)ჰყავს მთავრობა

დ)შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს სხვა სახელმწიფოებთან.

  როგორც ვხედავთ, დეკლარაციული თეორიის მიხედვით სახელმწიფოებრიობის კრიტერიუმებში საერთოდ არაა ნახსენები, რომ ახალი სახელმწიფო უკვე არსებულმა სხვა სახელმწიფომაც უნდა აღიაროს.

  დღეს ექსპერტები დეკლარაციული თეორიის კრიტერიუმებს არასაკმარისად მიიჩნევენ. შესაბამისად, “მონტევიდეოს კონვენცია” მოძველებულია და მას საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში, კონკრეტულად კი ამა თუ იმ სახელმწიფოს დამოუკიდებლად აღიარების დროს, თითქმის აღარ იყენებენ.

  კონსტიტუტიური თეორიის მიხედვით კი, სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს მოსახლეობა და მთავრობა, აქვს ტერიტორია და სხვებთან კავშირების დამყარების სურვილი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საერთაშორისო სამართალსუბიექტი, როცა მას დამოუკიდებლად სხვა სახელმწიფოებიც აღიარებენ.

  ამჟამად საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელიმე სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებისას, ანუ მის საერთაშორისო სამართალსუბიექტად გადაქცევისას სწორედ კონსტიტუტიური თეორიის პრინციპით სარგებლობენ.

  სახელმწიფო არის განსაკუთრებული წესით მოწყობილი, სახელმწიფოდ ორგანიზებული პოლიტიკური ორგანიზაცია.

დასკვნის სახით შესაძლებელია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს არსებობისათვის საჭიროა ქვეყანას ახასიათებდეს შემდეგი ნიშნები:

  • ტერიტორია
  • ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა
  • საჯარო ხელისუფლება – რომელშიც იგულისხმება: სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების არსებობა.
  • აღიარება – კონსტიტუციური თეორიით გათვალისწინებული აღიარება.

კონსტიტუციური სამართლის სუბიექტები

 კონსტიტუციური სამართლის სუბიექტები შესაძლებელია დავყოთ ორ ჯგუად: (პირველად და მეორად სუბიექტებად) პირველი ეს არის ის სუბიექტები რომლის გარეშეც სახელმწიფო ვერ იარსებებს ანუ ცოცხალი სუბიექტი – ხალხი, რომელშიც მოიაზრება, სახელმწიფოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები ანუ აპატრიდები, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ანუ ბიპატრიდები, უცხო ყვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სახლობენ გარკვეული დროის მონაკვეთში ამ ტერიტორიაზე, რომელთა უფლებებიც არ წარმოადგენს შეუზღუდავ უფლებებს. ასევე პოლიტიკური პარტიები, მასმედია, რელიგიური გაერთიანებები და ა.შ.

 ხოლო მეორე ჯგუფში, რომელსაც პირობითად პირველ ჯგუფთან შედარებით შესძლოა უწოდოთ მეორადი სუბიექტები(რადგანაც ხელისუფლების წყარო არის ხალხი, მაშასადამე პირველად სუბიექტადაც ხალხი მოიაზრება) შედის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები: პარლამენტი, მთავრობა სახელმწიფოს მეთაური, საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები,ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები და ა.შ.

კონსტიტუციური სამართლის წყაროები

კონსტიტუციური სამართლის წყაროებია: კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რეფერენდუმზე მიღებული აქტები, საქართველოს კანონები, კანონქვემდებარე აქტები, პარლამენტის აქტები პრეზიდენტის აქტები.

ნიკა დუდაშვილი


[1] Изензее Й., Конституционное право как право ,,политическое,,// Государственное права Германии, т 1, М., 1994, с. 308

[2] კუბლაშვილი კ., ძირითადი უფლებები, თბილისი, 2003, გვ.5

[3] მელქაძე ო., კონსტიტუციონალიზმი., თბილისი, 2006., გვ, 20-21

[4] კონსტიტუციური სამართალის სახელმძღვანელო – ავტორთა კოლექტივის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი რედაქტორი ავთანდილ დემეტრაშვილი, თბილისი, 2005, გვ 26

 

Tags: , , , , , , , , , ,

კონსტიტუციათა კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით

კონსტიტუციათა კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით

 

კონსტიტუცია უმთავრეს როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ (და არა მხოლოდ) საკითხებში. ის, ასევე დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთ-ერთი ძირითადი გარანტია ადამიანის უფლებების დაცვის.

ბევრ ტექსტშია კონტექსტი  კონსტიტუციასთან მიმართებაში – „…ყველაზე მაღლა მდგომი კანონი…მთავარი კანონი…“ . რა თქმა უნდა, ის იერარქიით ყველა კანონზე მაღლა დგას, თუმცა, კონსტიტუცია უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე მხოლოდ „კანონი“. კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს მოდელს და მის მომავალს, თუ, როგორი სახელმწიფო უნდა აშენდეს. ეს მოიცავს – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და ა.შ სხვა ასპექტებს. ამიტომაც უფრო სამართლიანი იქნება, თუ მას შევხედავთ, როგორც „სახელმწიფოს შენების, განვითარების“, პოლიტიკური წყობილების მოდელს და არა, როგორც  მხოლოდ „კანონს“.

კონსტიტუციები დაყოფილია კლასიფიკაციათა სხვადასხვა ნიშნით. კონსტიტუციები დაყოფილია:

ფორმის მიხედვით – არსებობს დაწერილი და დაუწერელი კონსტიტუციები. დაწერილი და დაუწერელი კონსტიტუციები იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ამ უკანასკენს არ გააჩნია ერთიანი სისტემატიზირებული სახე. ის მოიცავს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებს, ხოლო დაწერილი კონსტიტუცია ერთიანი, სისტემატიზირებული სახითაა.

კონსტიტუცია, ძირითადად დაწერილი ფორმით გვევლინება, მაგ. აშშ_ს კონსტიტუცია, ინდოეთის კონსტიტუცია, საფრანგეთის კონსტიტუცია, საქართველოს კოსნტიტუცია და ა.შ…

დაუწერელი კონსტიტუციის თვალსაჩინო მაგალითია – ინგლისის დაუწერელი კონსტიტუცია. ასევე ისრაელის კონსტიტუცია, რომელიც ერთიანი სისტემატიზირებული სახით არ გვევლინება. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, სხვადასხვა სტატიებში თუ კვლევებში, აღნიშნულია, რომ ახალ ზელანდიას არ გააჩნია „დაწერილი კონსტიტუცია“. თუმცა, არსებობს ამის საპირისპირო მოსაზრებაც, რომ „ახალი ზელანდიის კონსტიტუციას შეცდომით აღწერენ, როგორც დაუწერელ კონსტიტუციას…“[1].

მოქმედების ვადით - კონსტიტუციების კლასიფიკაცია ასევე დაყოფილია მისი მოქმედების ვადის მიხედვით, კერძოდ კი, დროებითი და მუდმივი. დროებითი კონსტიტუციები, მიღებულია გარკვეული ვადით ან გარკვეული ფაქტის დადგომამდე, შემდეგ კი, წყვეტს მოქმედებას. მუდმივი კონსტიტუციების შემთხვევაში კი, მოქმედებს განუსაზღვრელი დროით.

დამატებების/ცვლილებების შეტანის მხრივ - არსებობს კონსტიტუციები, სადაც გამკაცრებულია დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, ანუ არსებობს მკაცრი  და მოქნილი კონსტიტუციები. მკაცრი კლასიფიკაციის მქონე კონსტიტუციებში, რთული პროცედურაა გასავლელი ცვლილებების ან დამატებების შესატანად. ასეთი კონსტიტუციის საუკეთესო მაგალითია აშშ-ს კონსტიტუცია. მოქნილი კონსტიტუციებში კი, ცვლილებების განხორციება ხდება ჩვეულებრივ.

საზოგადოებრივ ურთიერთობებთან შესაბამისობის მიხედვით - გამოირჩევა ფაქტიური  და რეალურის მიხედვით.  ფაქტიური არ არის შეესაბამება საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ხოლო რეალური – პირიქით.

ეს, ის ოთხი ძირითადი კლასიფიკაციაა, რომელიც კონსტიტუციებს ახასიათებთ. თუმცა, დამატებით არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც, ესენია: მონარქიული და რესპუბლიკური კონსტიტუცია. ფედერაციული და უნიტარული კონსტიტუცია. ტოტალიტარული, ავტორიტარული და დემოკრატიული კონსტიტუცია.

დამატებით ინფორმაციას კონსტიტუციათა კლასიფიკაციის შესახებ, შეგიძლიათ გაცენოთ წყაროებში[2].

ლევან ჯგერენაია


[1] New Zealand’s Constitution. (n.d.). Retrieved from The Govenron-General: http://gg.govt.nz/role/constofnz.htm

 

[2] Classification of Constitution. (n.d.). Retrieved from Classification of Constitution: http://www.vanuatu.usp.ac.fj/courses/LA207_Public_Law_1/LA207_unit2_classification.html#Other Classifications

 

 

Tags: , , , , , , , , , , , ,

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,155 other followers