RSS

Tag Archives: ადამიანის უფლებებები

ევთანაზიის პრობლემა ქართულ კანონმდებლობაში და საერთაშორისო ასპექტები

ევთანაზიის პრობლემა ქართულ კანონმდებლობაში და საერთაშორისო ასპექტები

შესავალი

 

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია რომ დღეს, 21-ე საუკუნის მსოფლიოში, რომელსაც აქვს პრეტენზია საზოგადოებრივი განვითარების უმაღლეს საფეხურზე ყოფნის, აქტუალურია კითხვა: ადამინის სიცოცხლე უფლებაა თუ მოვალეობა?

ისტორიული მიმოხილვა

თუ ევთანაზიის ეტიმოლოგიურ წარმომავლობას გავყვებით, ვნახავთ, რომ ეს ბერძნული წარმოშობის სიტყვა (“ეუ”-კარგი, “ტჰა’ნატოს”-სიკვდილი) “მშვიდ, ბედნიერ და უშფოთველ” სიკვიდლს ნიშნავს.[1]

ვფიქრობ, წარმოდგენის უკეთ შესაქმნელად საჭიროა ევთანაზიის კლასიფიცირება და მისი განხილვა სამედიცინო, იურიდიულ და ეთიკურ ჭრილში.

როგორც აქტი, ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინებაა, ეს მიიღწევა მედპერსონალის, ან სხვა დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა ქმედებებით (მაგ: ნარკოტიკების მაღალი დოზის ინექციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვით კვების წყაროდან და ა.შ.) ან უმოქმედობით (დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობა)[2].

განასხვავებენ ნებაყოფლობით და იძულებით, პირდაპირ და არაპირდაპირ, აქტიურ და პასიურ ევთანაზიას, თუმცა ჩვენთვის ალბათ ყველაზე საინტერესო ეს უკანასკნელი ორი სახეა.

აქტიური ევთანაზიის დროს ხდება ავადმყოფისათვის სიცოცხლის მოსპობა მოწყალების მოტივით, სამედიცინო პერსონალის ან სხვა პირის მიერ აქტიური მოქმედებების შესრულებით; პასიური ევთანაზია კი ნიშნავს, სამედიცინო მუშაკის ან სხვა პირის მიერ შეზღუდული ან რთული მეთოდიებით ორგნიზებული მკურნალობის შეწყვეტას, რომელიც იწვევს ავადმყოფის გარდაუვალ სიკვდილს.

ევთანაზიის მსოფლიო პრაქტიკა

რა მდგომარეობაა დღეს თანამედროვე მსოფლიოში? როგორია ქვეყნებისა და სასამართლოების პრაქტიკა და რაც ამჯერად, ვფიქრობ, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, როგორია საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია? რა შეხედულება აქვთ ექიმებს, კანონმდებლებსა და უბრალო მოქალაქეებს? სანამ ამ შეკითხვებზე პასუხს მივიღებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოთა შეხედულების ასეთი მრავალფეროვნება და სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ ევთანაზიის გამოყენება მატულობს, მოწმობს კიდევ ერთხელ ამ საკითხის აქტუალურობას და მოითხოვს სასწრაფო წესით მის გადაწყვეტას.

ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან ის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. მსოფლიოში ევთანაზიასთან მიმართებით არსებობს სამი სისტემა: პირელი სისტემა მოქმედებს ქვეყნებში, რომლებიც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ (ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი); მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს (გერმანია, ავსტრია); მესამე ჯგუფის ქვეყნებში მოახდინეს ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია (პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები).

როდესაც ვსაუბრობთ ევთანაზიაზე, მუდამ არსებობს კონფლიქტი ერთ მხარეს არსებული პიროვნების თავისუფლება, ავტონომია, პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება, წამების აკრძალვა და მეორე მხარეს კი სოცოცხლის უფლება, რომელიც მიჩნეულია ადამიანის სხვა უფლებების უზრუნველყოფის წინაპირობად.

ჰოლანდია პიონერი აღმოჩნდა ამ მიმართულებით და პირველმა დააკანონა ევთანაზია 70-იანი წლების დასაწყისში. ამ ქვეყანაში ყოველი 25-ე უკურნებელი სენით დაავადებული ჰოლანდიელი, რომელიც სახლში ხვდება სიკვდილს სამედიცინო დახმარების ამ უკიდურეს ფორმას მიმართავს, თუმცა არსებობს მკაცრად განსაზღვრული მოთხოვნები: 1. აუცილებლად თავად პაციენტმა უნდა გამოთქვას ამ ქვეყნიდან წასვლის სურვილი; 2. მოთხოვნა უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ექიმებმა; 3. თავად პაციენტმა უნდა დაადასტუროს რამდენჯერმე ევთანაზიის სურვილი.

ევთანაზიის გამოყენება არ შეიძლება თუ პაციენტი არ იტანჯება. მარტო 1999 წელს სასიკვდილო ინექციები 2216 ადამიანს გაუკეთდა[3].

საინტერესო შემთხვევას ჰქონდა ადგილი დიდ ბრიტანეთში, როცა 43 წლის ქალბატონმა სასამართლოში განაცხადი შეიტანა. საქმის არსი შემდეგში მდგომარეობდა: Dიან Pრეტტყ-ის[4] ცენტრალური ნერვული სისტემის მამოძრავებელი უჯრედების პროგრესული ნერვო-დეგენერაციული დაავადება აწუხებდა, რომელიც იწვევს ხელისა და ფეხის კუნთების, აგრეთვე, სუნთქვის მაკონტროლებელი კუნთების განლევას. სიკვდილის მომენტი დგება სუნთქვის მაკონტროლებელი კუნთების დასუსტების შედეგად, რასაც თან სდევს მეტყველებისა და ყლაპვის მაკონტროლებელი კუნთების დასუსტება და შედეგად, სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია.

განმცხადებელი ქალბატონის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა. მას არ სურდა, განეცადა ის ტანჯვა, რისი გადატანაც აუცილებლად მოუწევდა. ქალბატონს სურდა, თავად გადაეწყვიტა, როდის მოკვდებოდა, მაგრამ თვითმკვლელობა არ შეეძლო სხვისი დახმარების გარეშე.

თუმცა ამის უფლება დიდმა ბრიტანეთმა არ მისცა, რითაც განმცხადებლის აზრით დაირღვა მისი სიცოცხლის უფლება. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი არ შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანს თავისი სიცოცხლის მიმართ შეიძლებოდა მიეღო და რომ მე-2 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც “სიკვდილის უფლება”. სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სიცოცხლის უფლებიდან არ გამომდინარეობდა ადამიანის “თვითგამორკვევის უფლება”- სიცოცხლეს ამჯობინოს სიკვდილი. ამ გადაწყვეტილებით მომჩივანს არაპირდაპირ, ფაქტობრივად, “ფიზიკური და სულიერი ტანჯვის ატანის მოვალეობა” დაეკისრა. ამით, ბევრის აზრით, სასამართლომ არ დაიცვა სიცოცხლის უფლება, რომელიც უმაღლეს ადამიანურ ღირებულებად მიიჩნევა.

მომჩივანის სიცოცხლე უკვე არაფერს წარმოადგენდა და მეტიც- ის იყო მისი “სულიერი და ფიზიკური ტანჯვის” წინაპირობა. მოცემულ საქმეში სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სიცოცხლის უფლების აბსტრაქტული განმარტებით, რომ ეს უფლება უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს და უპირობოდ უნდა იქნას დაცული. სასამართლომ თითქოს მხედველობაში არ მიიღო ან არ “უნდოდა რომ მიეღო” კონკრეტული შემთხვევის კონკრეტული ფაქტები. ამან კი განაპირობა”სიცოცხლის უფლების” სასარგებლო ბალანსის ჩამოყალიბება. ქალბატონი Pრეტტყ-ს გასასამართლებლად შეიძლება ვთქვათ, რომ პირს უნდა ჰქონდეს უფლება თვითონ გადაწყვიტოს როდის და როგორ მოკვდეს, რადგან ეს არანაირად არ უპირისპირდება და არ ეწინააღმდეგება სხვათა უფლებებს – “პიროვნების უფლებები და ავტონომია”[5]. ამას კარგად გამოხატავს პეტერ ბაუმეს სიტყვები: “[...] სხვა საკითხებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მხოლოდ და მხოლოდ ჩემზე, მე ვინარჩუნებ უფლებას გავაკეთო “ჩემი გადაწყვეტილება” დამოუკიდებლად [...][6]

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ წევრი სახელმწიფოები, რომლებიც უშვებენ აქტიურ ევთანაზიას ეწინააღმდეგებიან და არღვევენ კონვენციის მე-2 მუხლს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დააფიქსირა, რომ აქტიური ევთანაზიის ლეგალიზების საკითხი განეკუთვნება წევრ სახელმწიფოთა დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამით სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, რათა თავიდან აეცილებინა ურთიერთდაპირისპირება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო პრინციპებს შორის.

ცნობისთვის: ნებაყოფლობითი ევთანაზიის საზოგადოება 1935 წელს ჩამოყალიბდა და გაერთიანებულ სამეფოში წარმოადგენდა წამყვან კვლევით ორგანზაციას სიკვდილში დახმარების საკითხებზე იმ მიმართებით, რომ განუკურნებელ ან მომაკვდავ ადამიანს, მსგავსი სურვილის შემთხვევაში, მისცემოდა ღირსეულად სიკვდილის უფლება. მოუქნელი სამართლებრივი სისტემა, რომელიც აიძულებს განუკურნებელ ავადმყოფს იტანჯებოდეს უმძიმესი ტკივილებისაგან და გაუძლოს გახანგძლივებული სიკვდილის პროცესს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, არ შეესაბამებოდა კონვენციის მესამე მუხლს[7].

93 წლის ბელგიელმა ქალბატონმა, მას შემდეგ რაც ევთანაზიაზე უარი უთხრეს, შიმშილობის აქცია დაიწყო. EEEხპატიცა-ს ინფორმაციით, მოხუცს უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ მას ძლიერი ფიზიკური ტკივილების გამომწვევი დაავადებები არ აღმოაჩნდა. ხეიბარმა და უსინათლო ამელი ვან ესბეენმა ევთანაზია, მას შემდეგ მოითხოვა რაც სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი შეგრძნებები და უნარები დაკარგა. მოხუცებულთა სახლში მცხოვრებმა ქალბატონმა თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო და ექიმების მოთხოვნის მიუხედავად უარს აცხადებს საკვების მიღებაზე.
ბელგიაში ევთანაზიის საკითხების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელის ვიმ დისტელმანსის განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობა ევთანაზიის გამოყენებას, მხოლოდ ”აუტანელი ტკივილების” შემთხვევაში უშვებს.

ევთანაზია უკვე ლეგალიზებულია ნიდერლანდებში 2002 წელს მიღებული კანონით, ყურადსაღებია ამ ქვეყნის სასამართლოს მიმართება ევთანაზიის ფაქტებთან დაკავშირებით. 1984 წლის ალკმაარის საქმეში, 95 წლის მოხუც პაციენტს არ შეეძლო საკვების და სითხის მიღება და ხშირად კარგავდა გონებას. ის სთხოვდა თავის ექიმს ევთანაზიის გაკეთებას. ექიმმა გამართა კონსილიუმი, სადაც დადგინდა, რომ პაციენტი ვეღარ გამოჯანმრთელდებოდა. ევთანაზიის გამოყენების შემდეგ, ექიმი გაასამართლეს ნიდერლანდების სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლის მიხედვით, თუმცა არანაირი სასჯელი არ დააკისრეს. აპელაციაზე უზენასემა სასამართლომ დაადგინა, რომ ექიმი დადგა მოვალეობათა კოლიზიის წინაშე – შეენარჩუნებინა პაციენტის სიცოცხლე ან გაეთავისუფლებინა ის ფიზიკური ტანჯვისგან. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაწყვეტილიყო ექიმის სამედიცინოშეხედულებებზე დაყრდნობით, გათვლილი სტანდარტული სამედიცინო ეთიკის ჭრილში. ამ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ექიმმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ფრენსის ბეკონი წერდა: “ექიმის ვალია, არამარტო აღადგინოს ჯანმრთელობა, არამედ ისიც, რომ შეამსუბუქოს ავადმყოფობით გამოწვეული დარდი და ტანჯვა, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი ტკივილის შემსუბუქება, როგორც საშიში სიმპტომისა, მიიყვანს გამოჯანმრთელებამდე, არამედ, იმ შემთხვევაშიც, როდესაც უკვე გადარჩენის არანაირი იმედი არ არის და შესაძლებელია, მხოლოდ სიკვდილის გაიოლება, რადგანაც ევთანაზია უკვე არანაკლები შვების გამოხატულებაა.[8]”

შვეიცარია წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მცირე სახელმწიფოთაგანს, სადაც ევთანაზია კანონიერ ქმედებას წარმოადგენს და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული მიზეზის გამო,

შვეიცარიაში მრავალი ქვეყნიდან ჩადიან ევთანაზიის განხორციელების მსურველები, რამაც საკმაოდ გაზარდა იმ კერძო კლინიკების ფინანსური შემოსავალი, რომლებიც ევთანაზიას ახორციელებენ.

შედეგად, ევთანაზიის განხორციელება შვეიცარიაში გარკვეულ ბიზნესად იქცა. შვეიცარიის ფედერალური საბჭო გამოვიდა ევთანაზიის მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით. ცვლილებები მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ევთანაზიის მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესად გარდაქმნა და იმის უზრუნველყოფა, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის.

ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, ევთანაზიის განმახორციელებელ პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ გარკვეული პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული. ევთანაზიის მსურველმა პირმა დამოუკიდებლად უნდა გამოხატოს სიკვდილის სურვილი, რის შემდეგაც მას მიეცემა გარკვეული პერიოდი მოფიქრებისათვის.

მათ ასევე უნდა წარმოადგინონ ორი დამოუკიდებელი სამედიცინო

ექსპერტის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ დაავადება განუკურნებელია. გარდა ამისა, ცვლილებებით აიკრძალება ევთანაზიის განხორციელება მოგების მიღების მიზნით.

შვეიცარიის მთავრობის აზრით, მსგავსი შეზღუდვების დაწესება მათ თავიდან ააცილებს პრაქტიკის ბოროტად გამოყენებას და ასევე შეამცირებს ”თვითმკვლელი ტურისტების” რიცხვს ქვეყანაში.

 

განსხვავებული შეხედულებები

რაც შეეხება ევთანაზიის მომხრებსა და მოწინააღმდეგეებს, მათ არგუმენტებსა და შეხედულებებს, რატომ თვლიან ისინი ამ ქმედების კრიმინალიზების საჭიროებას ან პირიქით, მის დეკრიმინალიზაციას?

ევთანაზიის მომხრეები თვლიან, რომ მისი კანონით აკრძალვა ადამიანის ტანჯვის ნებადართვაა და სხვა არაფერი, როცა ავადმყოფი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და ამას არც შვება მოქვს და არც გამოჯანმრთელება, ხოლო მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ევთანაზია ბუნებრივი სიკვდილის უარყოფაა, ერთი ადამიანის მიერ მეორისათვის სიცოცხლის მოსწრაფება უზნეო და არაადამიანურია ცივილიზაციის ნებისმიერ საფეხურზე.

აქტიური ევთანაზიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ პაციენტისათვის უშედეგო მკურნალობის გაგრძელება იწვევს პაციენტის “არაადამიანურ მოპყრობას”, რაც დაგმობილია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიერ – “არავინ არ შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი.”[9]

ქრისტიანულმა ეკლესიამ, იოანე პავლე II-ის ინიციატივით, სასტიკად დაგმო ევთანაზიის გამოყენება პრაქტიკაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ევთანაზიის გავრცელებისათვის.

სიცოცხლე ადამიანის ძირითადი უფლებაა, თუმცა 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებათა არც ერთ ევროპულ დოკუმენტში არ არის დებულება, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გარანტი იქნებოდა. სიცოცხლე დღემდე არ არის მიჩნეული აბსოლუტურ უფლებად.

ადამიანი ჩასახვის მომენტიდანვე ხდება მფლობელი სამი ძირითადი განუსხვისებელი უფლებისა, ესენია: სიცოცხლე, თანასწორობა და თავისუფლება. თავისუფლება თავისთავში გულისხმობს უფლებას, ადამიანმა თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ სურს ცხოვრება ან პირიქით…

ამ საკითხზე ყველაზე დიდი დავაა, თუ რას ნიშნავს სიცოცხლის უფლება. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ბუნებითი უფლება, რომელიც სახელმწიფოს მიერ არ არის მოცემული, ანუ თანდაყოლილია. დილემა სწორედ ამაშია, რომ თუკი ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, ასევე გააჩნია სხვა უფლებებიც, როგორიცაა ღირსებისა და პატივის უფლება. აქ არის კოლიზიური ვითარება.

ადამიანს უფლება აქვს იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც მისი პატივისა და ღირსების შემლახველი არ იქნება. სახელმწიფო ადამიანს ევთანაზიის უფლებას არ აძლევს, რომელიც უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. თუკი სახელმწიფოს არ მოუცია ჩემთვის სიცოცხლის უფლება, მაშინ რა უფლება აქვს შეზღუდოს სიცოცხლის შეჩერების უფლება? ანუ გამოდის რომ სახელმწიფო “სიცოცხლის მოვალეობას მაკისრებს”, მაგრამ რა უფლება აქვს სახელმწიფოს დააწესოს სიცოცხლის მოვალეობა, როდესაც ეს უფლება მისი დადგენილი არ არის? ეს არის ბუნებითი უფლება[10].

თუ ადამიანი თავად განაგებს სიცოცხლეს, მაშინ რატომ არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სიკვდილის შესახებ?

ევთანაზიის მომხრეები აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ არჩევანი წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიებისა და თავისუფალი საბაზრო სისტემის ფუნდამენტურ პრინციპს. გარდა ამისა, ტკივილი და ტანჯვა, რომელსაც ადამიანი ავადმყოფობის სტადიაში განიცდის, ტკივილის შემამსუბუქებელ საშუალებების ფონზეც არ არის აღქმადი იმ ადამიანისთვის, რომელსაც ეს პირადად არ გამოუცდია. ფიზიკური ტკივილის გარეშეც ხშირად პაციენტებს უჭირთ დამოუკიდებლობის დაკარგვისგან გამოწვეული ემოციური ტკივილის გადატანა.

რაც შეეხება საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც ითხოვს ევთანაზიის კრიმინალიზაციას, აქ ჭარბად შეხვდებით სასულიერო პირებს, რაც არაა გასაკვირი, რადგან ეკლესია მოკვდინების ნებისმიერ მსგავს ფაქტს ჩვეულებრივ მკველობად აფასებს.

რელიიგის გავლენას, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდი და ეს არც უნდა მოხდეს, რადგან ეკლესიას ჩვენი (ქართული) საზოგადოების ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული.

მე ვესაუბრე სასულიერო პირებს, თუმცა დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღე, ამ ადამიანების აზრი, რომლებიც თითქოს ,,ღმერთის სახელით”’საუბრობენ, ნაკლებად მნიშვნელოვანია ფიზიკური და მორალური ტკივილისგან დატანჯული ადამიანისთვის, ყოველ შემთხვევაში იმათთვის, ვინც ნდობა დაკარგა მათ (სასულიერო პირთა) მიმართ. იქნებ ადამიანი სულაც არაა რელიგიური? საერთოდ არ სწამს ღმერთი და არც ეკუთვნის რომელიმე აღმსარებლობას? რა არჩევანს უტოვებს სახელმწიფო ან ეკლესია მსგავს შემთხვევაში ადამიანს? სამწუხაროდ, აქ არჩევანზე არც არის ლაპარაკი, მან უნდა ითმინოს ის ტკივილები, ტანჯვა, რომელთა აღქმაც კი შეუძლებელია.

ევთანაზია ქართული კანონმდებლობის ჭრილში

 

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის” (1997.12.10) 151-ე მუხლში პირდაპირაა მითითებული, რომ სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებიმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობა[11]. თუმცა ვხვდებით გარკვეულ წინააღმდეგობას “პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის” (2007.05.05) 23(1) და 24-ე მუხლების სახით:

მუხლი 23: I. “ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.”[12]

მუხლი 24. I. “საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია: ა) უკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.”

2. “საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ დაასახელოს პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შესახებ.”[13]

მაშასადამე, “პაციენტის უფლებების შესახებ კანონი” უშვებს პასიური ევთანაზიის გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის” 151-ე მუხლი ცალსახად უკრძალავს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს ევთანაზიის განხორციელებას.

განვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის I ნაწილი, სადაც ვკითხულობთ: “სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი”. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია: “დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი და პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა [...] .” ამ ორ ფუნდამენტურ უფლებას საქართველოს კონსტიტუცია იცავს და შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი პრინციპი ერთმანეთის წინააღმდეგობაში არც არასდროს მოვა. ევთანაზიის შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, კერძოდ კი, ერთ-ერთის არსებობა ნიშნავს იმას, რომ მეორე უფლება შეიზღუდება, ხოლო “შეზღუდვისუნარიან უფლებას” ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად წარმოადგენს სიცოცხლის უფლება.

აღნიშნული ნაწილიდან კარგად ჩანს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება – არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა, მანვე უნდა მოახდინოს ამ უკანასკნელთა ფაქტების აღკვეთა. საქმე იმაშია, რომ, როდესაც სახელმწიფო მომაკვდავ პაციენტს უარს ეუბნება აქტიურ ევთანაზიაზე, რაც ამ უკანასკნელის ერთადერთი ხსნა არის ფიზიკური და სულიერი ტანჯვისგან და კიდევ უფრო საშინელი და დამამცირებელი ტკივილებისგან სიკვდილის პერიოდში, ხომ არ ხდება მომაკვდავი იძულებული აიტანოს “წამება”? ამაზე პასუხი იქნება დადებითი. მომაკვდავს უწევს თავისი სურვილისა და ნების საწინააღმდეგოდD დაიტანჯოს და აიტანოს საშინელი ტკივილები, სანამ ის არ მოკვდება და ეს ყველაფერი მხოლოდ სახელმწიფოს უარის გამო.

მაშასადამე, საქართველოს კანონმდებლობაში შეიმჩნევა სერიოზული არვეზი პასიურ ევთანაზიასთან მიმართებაში. რაც შეეხება, საქართველოსკონსტიტუციას ანალოგიურად, სხვა ქვეყნების კონსტიტუციებისა, აქ ჩვენვხვდებით უმთავრეს და საკვანძო პრობლემას – დაპირისპირებას ორ პრინციპს შორის, სიცოცხლის უფლება და წამების აკრძალვა.

დასკვნა

 

ევთანაზიის პრობლემა, რა თქმა უნდა, არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ სამართლებრივ ან სხვა რომელიმე ჭრილში. ის მოითხოვს მის ძირეულ გაანალიზებას მორალურ-სამართლებრივი, სამედიცინო კუთხით. მათ შორის არის ერთადერთი მსგავსება – ერთიანი აზრი აღნიშნულ საკითხზე არ არსებობს. მორალურ ასპექტში ცხარე კამათი მიმდინარეობს მეცნიერებს, სამედიცინო შემთხვევაში ერთიან აზრზე ვერ შეთანხმდნენ ექიმები, რომლებსაც მარტივად რომ ვთქვათ ეშინიათ და თავს არიდებენ “ზედმეტ პასუხისმგებლობას”, ხოლო სამართლებრივი კუთხით ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ეროვნულმა კანონმდებლებმა და საერთაშორისო პრინციპებმა.

გავეცანით შვეიცარიის, ჰოლანდიისა და დიდი ბრინატეთის მაგალითებს, ხოლო ჩვენი ქვეყნის მაგალითზე დავრწმუნდით რომ ხარვეზის აღმოფხვრას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა – “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა” და “პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის” წინააღმდეგობა. რაც მთავარია, ასევე ევთანაზიის პრობლემა საერთაშორისო დონეზე – დაპირისპირება სიცოცხლის უფლებასა და წამების აკრძალვას შორის. ფაქტია, რომ საერთაშორისო საზოგადოება თავს იკავებს ცალსახა განცხადების გაკეთებისგან, იმის შიშით, რომ არ მოხდეს დაპისპირება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ფუნდამენტურ პრინციპებს შორის. ამაში დავრწმინდით Pretty vs UK  –ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადწყვეტილებით.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ როდესაც სახელმწიფო კრძალავს აქტიურ ევთანაზიას და ამით მოვალეს ხდის პაციენტს, აიტანოს ფიზიკური და სულიერი ტანჯვა, ამით ის არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს. ეს უკანასკნელი კი აბსოლიტური უფლებაა, სიცოცხლის უფლებისგან განსხვავებით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს.

თამთა დევდარიანი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=3767
  2. http://iliauni.edu.ge/forum2/index.php?showtopic=540&pid=52470&mode=threaded&start=
    1. Pretty vs the United Kingdom, no. 2346/02 (Sect.4), ECHR 2002-III-29.4.02
    2. EUTHANASIA LAWS BILL 1996, © Commonwealth of Australia, 1997, ISSN 1326-9364, FOR AND AGAINST, p 57.
    3. iddid, at 58; Evidence, Professor P. Baume, p. 115
    4. http://www.factnews.ge/index.php?lang_id=GEO&id=8&info_id=11783&act=ns
    5. http://jurist.law.pitt.edu/paperchase/2009/10/switzerland-cabinet-proposes.php
    6. Article 3 of the European Convention of Human Rights.
    7. http://iliauni.edu.ge/forum2/index.php?showtopic=540&pid=52470&mode=threaded&start=
    8. http://assembley.coe.int/Main.asp?link=http%3A%2f%Fassembley.coe.int%2FDocuments%FWorckingDocs%2Fdoc03%2FFDOC9898.htm.
    9. http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det&kan_id=128
    10. http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det&kan_id=233
    11. http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det&kan_id=2492
    12. http://www.factnews.ge/index.php?lang_id=GEO&id=8&info_id=11783&act=ns

 


 

Tags: , , , , ,

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,154 other followers