RSS

Tag Archives: ერთსქესიანთა ქორწინება

სექსუალურ უმცირესობათა უფლება – ქორწინება

შესავალი

პრობლემა, რომელიც წამოჭრილია ამ ნაშრომში ვფიქრობ მეტად საინტერესო, აქტუალური და მნიშვნელოვანია დღევანდელი საზოგადოებისათვის. წინამდებარე ესეს წაკითხვის შემდეგ, ალბათ არაერთგვაროვანი რეაქციები იქნება. ზოგი დაეთანხმება, ზოგიც შეეწინააღმდეგება, ბევრ შეკითხვას პასუხიც გაეცემა, ბევრს შეკითხვები დაუგროვდება და გახდება საკამათო თემა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობათა უფლება, ჰქონდეთ ქორწინების უფლება არ არსებობს, ხოლო ამ უკანასკნელის მათ მიერ მოპოვება ქართულ რეალობაში დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. ამ ნაშრომის მიზანია სექსუალურ უმცირესობათა უფლება – შექმნან ოჯახი, იყოს კანონის მიერ გარანტირებული და არ იზღუდებოდეს მათი უფლება. საკითხი მეტად რთულია ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში და როგორც ზემოთ აღვნიშნე სწორედ ამიტომ არის ეს თემა აქტუალური. წინამდებარე ესეში, შევეცდები ჩამოვაყალიბო და განვავითარო ის აზრი, რომ ამ ადამიანებს აქვთ უფლება შექმნან ოჯახი, რომ ისინი არიან ისეთივე პირები არიან, როგორებიც არიან ჰეტეროსექსუალები და კანონი უნდა იყოს ყველასათვის თანასწორუფლებიანი. სწორედ ამ ნაშრომში ჩამოვაყალიბებ მედიცინის დახმარებით ამ ადამიანების უფლებების დაცვის საჭიროებას. ჩემი ძირითადი და მთავარი მიზანია, სწორედ მეცნიერული კუთხით დავიცვა ამ ადამიანთა უფლება და აქედან გამომდინარე, შემდეგ მოხდეს მათი უფლებების სამართლებრივ ჭრილში მოქცევა და საკანონმდებლო დონეზე დაკანონება. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ნაშრომის კითხვისას მკითხველს, მხოლოდ სამეცნიერო მოსაზრებები არ შეხვდება და აუცილებლად იქნება ქართული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის აზრი დაფიქსირებული, თუ რატომ თვლიან, რა მიზეზით და მოსაზრებებით, რომ თავიანთი პოზიცია არის სწორი, მართალი და ამის დასამტკიცებლად რა არგუმენტები მოჰყავთ. ნაშრომზე მუშაობისას ჩავთალე, რომ მეტად საინტერესო იქნებოდა ფსიქოლოგთა აზრი ამის შესახებ, ანუ როგორი ფსიქოლოგიური სოციალური გარემო არსებობს ამ პირთა ირგვლივ, ახდენს თუ არა ეს მათზე ზეგავლენას. აგრეთვე აუცილებლად შევეხებით მოკლედ ისეთ საკითხს, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „სასიცოცხლოა“  – მათი ამ უფლების მოპოვება გამოიწვევს თუ არა ადამიანთა სექსუალური ორიენტაციის ცვლილებას, ანუ ჰეტეროსექსუალები გახდებიან თუ არა ჰომოსექსუალები?! ასევე, მოვიყვან რამდენიმე უცხო ქვეყნის მაგალითს, სადაც სექსუალურ უმცირესობათა უფლება – დაქორწინდნენ დაცულია. ამ საკითხებზე მსჯელობის დაწყებამდე, ვფიქრობ საჭიროა გავეცნოთ და გავიგოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლს, რომელიც შეეხება ქორწინებას, თუმცა მანამდე ვნახოთ, რა პერიოდიდან იკიდებს ფეხს ეს პრობლემა.

ისტორია

ადამიანთა ჯგუფი, რომელთა სექსუალური იდენტურობა და ორიენტაცია განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობისაგან წარმოადგენენ სექსუალურ უმცირესობებს. ეს ტერმინი 1960 წლიდან ჩნდება. მაგალითისათვის ადრეული აღმოსავლური ინფორმაცია ლესბოსელური ურთიერთობის შესახებ მოდის ძველი საბერძნეთიდან. ესეთი სახის ურთიერთობები  ჯერ კიდევ პლატონის დროსაც იყო, პლატონი წერდა ამის შესახებ რომელი ნაშრომებიც გვიანდელ პერიოდში აიკრძალა, ეს ურთიერთობა იყო საფუძველი კაცის თავისუფალი ცხოვრებისა.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინება, ან ჰომოსექსუალთა ქორწინება არის ტერმინები, რომლებიც გულისხმობენ, ორი, ერთი სქესის ადამიანის სოციალურად და ლეგალურად აღიარებულ ქორწინებაზე.

ნიდერლანდი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც იურიდიულად ცნო ერთი სქესის წყვილების ქორწინება და ეს მოხდა 2001 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინება არ არის ოფიციალურად აღიარებული, 6 შტატში მსგავსი ქორწინება ნებადართულია(კონექტიკუტი, აიოვა, მასაჩუსეტსი, ნიუ ჰამფშირი, ნიუ იორკი, ვერმონტი) და ასევე კოლუმბიის ოლქშიც. ერთსქესიან წყვილებს შეუძლიათ სახელმწიფო დონის სარგებელიც მიიღონ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. ამას წინ უძღვოდა, 70-იან წლებში, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციისა და ფსიქოლოგთა დადასტურება, რომ ჰომოსექსუალობა პათოლოგია არ არის, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა ლგბტ[1] პირებს მაინც უხდებათ საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა, მტკიცება იმისა, რომ ისინი არ არიან ავადმყოფები და ეს არა მარტო საქართველოში ხდება ასე, არამედ სხვა, ძალიან ბევრ ქვეყანაშიც, რაც თავისთავად არასასურველია.

ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების, უფლება აქვთ 16 ქვეყანაში. ასევე მსგავსი იურისდიქციები არის კიდევ დამატებით 5 ქვეყანაში. ამასთან, ისრაელი და საფრანგეთი, ნიუ-იორკის შტატთან ერთად, ცნობს სხვა იურისდიქციების მიერ ლეგალიზებულ ერთი სქესის ქორწინებებს, თუმცა თვით ამ ქვეყნებში (შტატში) ამას არ ახორციელებენ.

 

ქორწინების  რეგულაცია  ქართული  კანონმდებლობით

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 1106-ე მუხლის თანახმად, რომელიც გვაძლევს ქორწინების ცნებას, „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).“
ზემოთ მოყვანილი მუხლი, ზუსტად და თვალნათლივ ამბობს რომ „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.“ ანუ სწორედ ეს მუხლი ზღუდავს სექსუალურ უმცირესობათა უფლებას, რომ მათ იქორწინონ და ჰქონდეთ ისეთივე საოჯახო ურთიერთობები, როგორიც აქვთ „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირით“ შექმნილ ოჯახებს. მკითხველისთვის ეს მოსაზრება მიუღებელი იქნება სავარაუდოდ, მაგრამ აქვე დავძენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ქორწინების მიზანია ოჯახის შექმნა, ხოლო თუ გაჩნდება შეკითხვა, თუ როგორ უნდა შექმნან სექსუალურმა უმცირესობებმა ოჯახი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები სიტყვა ოჯახის განმარტებით, რომელიც სამართლის ასოცირებულ პროფესორს, ბატონ გიორგი თუმანიშვილს აქვს თავის წიგნში „საქორწინო კონტრაქტში“ ჩამოყალიბებული: „თანამედროვე ოჯახი, ეს არის ადამიანებს შორის ურთიერთ ინტერესის, პატივისცემის, მენტალობის, ადამიანის სულიერი ფასეულობებისა და ღირებულებების, სოციალური ნორმების გათვალისწინებით, სქესობრივ ლტოლვისა და გამრავლების ინსტინქტებზე დამყარებული კავშირი.“[2] აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ოჯახის“ შექმნა შეუძლია როგორც სექსუალურ უმცირესობაში არ მყოფ პირებს, ასევე უმცირესობაში მყოფ პირებსაც, რადგან ზემოთ მოყვანილი დეფინიციით არცერთ ნაწილში და მონაკვეთში არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს პირები ოჯახებს ვერ შექმნიან, რადგან ისინი არიან ისეთივე ადამიანები, როგორებიც არიან ჰეტეროსექსუალები (სექსუალური ორიენტაციის განსხვავებით – მ.ა.), მათ შესწევთ უნარი სცენ ერთმანეთს პატივი, ჰქონდეთ ურთიერთ ინტერესი და გააჩნდეთ ყველა ის სულიერი ფასეულობები და ღირებულებები, რომლებიც გააჩნია ყველა ადამიანს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“ ანუ კონსტიტუციით ამ ადამიანებს აქვთ უფლება, დაქორწინდნენ, რადგან, როგორც კონსტიტუციაშია აღნიშნული, ეს უკანასკნელი დამყარებულია მხარეთა უფლებების თანასწორობაზე და მათ ნებაყოფლობაზე. უმცირესობების წარმომადგენლებს კი თავისთავად ცხადია, ამ ორი „მოთხოვნის“ დაკმაყოფილება თავისუფლად შეუძლიათ. ამიტომაც სსკ-ს დათქმა, რომ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია ქორწინება არასწორი და მიუღებელია, მითუმეტეს, რომ XXI საუკუნეში, სახელმწიფო ნაკლებად უნდა ერეოდეს პირთა პირად ცხოვრებაში და არ უნდა ახდენდეს მათ შორის ურთიერთობების რეგულაციას სხვადასხვა კანონისმიერი დათქმებით. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ დაგეგმოს თავისი ცხოვრება, ვისთან ერთად იცხოვროს და შეიქმნას ის გარემო, რომელშიც თვითონ, თავისივე აზრით, იცხოვრებს წარმატებულად და ლაღად.

აზრთა  სხვადასხვაობა

ესეში, რომელსაც განვიხილავთ, წამოჭრილი თემა დღეს დღეისობით მეტად აქტუალურია და ამაში ალბათ თითოეული ის პირი დამეთანხმება, რომელსაც მეტ-ნაკლებად სმენია სექსუალურ უმცირესობათა და მათ უფლებათა შესახებ. სწორედ ამ თემის გარშემო არსებობს სხვადასხვა აზრი, ერთნი ამბობენ, რომ არ უნდა იყოს ლგბტ პირებს შორის ქორწინება ნებადართული, მეორენი ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციაა ყველაზე მნიშვნელოვანი წამოჭრილ საკითხთან მიმართებაში და ზოგიერთის აზრით კი, ამ პირებს უნდა ჰქონდეთ ქორწინების უფლება. როგორც ამ ესეს შესავალ ნაწილში აღვნიშნე, განსახილველ პრობლემასთან მიმართებაში აუცილებელია ვიცოდეთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია. კვლევის პერიოდში ვეცადე, როგორმე მიმეღო საპატრიარქოსგან ოფიციალური ინფორმაცია თუ რა პოზიციაზე დგანან ისინი, ეთანხმებიან თუ არა ერთსქესიან პირებს შორის ქორწინებას, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო პასუხი ვერ მივიღე. ამიტომაც მკითხველს შემიძლია გავაცნო მხოლოდ მამა დავით ისაკაძის ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთ ინტერნეტ პორტალისთვის აქვს მიცემული: „სექსუალურ უმცირესობებს, ეკლესია უყურებს, როგორც სულიერად ავადმყოფ ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული პრობლემა აქვთ. მათ შეუძლიათ აღსარება ჩააბარონ და შემდგომში ეკლესიაშიც იარონ, თუკი რა თქმა უნდა ისინი ბრძოლას დაიწყებენ ამ ცოდვასთან.“[3] ალბათ შესაძლებელია მამა დავით ისაკაძის პოზიცია ჩავთვალოთ ეკლესიის პოზიციადაც, რადგან ის ეკლესიის სახელით საუბრობს. მით უმეტეს გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ის უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მიერ დაჯილდოვებულ იქნა მიტრისა და დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

სექსუალურ უმცირესობებს ჰქონდეთ ქორწინების უფლება, ძირითადად მხარს უჭერენ ის პირები, რომლებიც ლიბერალურ პრინციპებს აღიარებენ. მათი აზრით აუცილებლად უნდა იყოს ასეთი პირების უფლებები დაცული და კანონმდებელმა ეს უნდა გაიზიაროს, რათა არ მოხდეს ერთსქესიანთა უფლებების დარღვევა, ხოლო არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, წრე, რომლებიც თავგამოდებით იცავენ იმ პოზიციას, რომ ამ ადამიანებს მსგავსი უფლებ არ უნდა ჰქონდეს. მეტიც, არსებობს პირთა ნაწილი, რომლებიც თვლიან რომ ლგბტ ადამიანები არ უნდა არსებობდნენ, რომ ისინი უნდა სცემონ და გამოამჟღავნონ სხვადასხვა სახის ძალადობა მათ წინააღმდეგ, რადგან ისინი არ არიან ღირსი იცხოვრონ მათ გვერდით.

მედიცინის  აზრი

ამ საკითხზე თავისთავად საინტერესო და ყურადსაღებია იმ მეცნიერთა აზრი, რომლებიც ამ სფეროში უშუალოდ მუშაობენ. ჩემი კვლევის ფარგლებში აღმოვაჩინე, რომ ზუსტად, დადასტურებული, დოკუმენტური სახით, თუ რატომ არიან ამ ესეში წამოჭრილი პრობლემის სუბიექტები განსხვავებული ორიენტაციის არ არსებობს და სრულად გამოკვლეული არ არის. მხოლოდ ფაქტია ის, რომ ეს არ არის ავადმყოფობა! ამის მკურნალობა არანაირი ხერხით, საშუალებითა და ცდით არ შეიძლება და შეუძლებელიც კი არის! ლგბტ ადამიანთა განსხვავებული ორიენტაცია დაახლოებით 12 წლის ასაკიდან გამომჟღავნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად მამაკაცი (აღნიშნულ ასაკში) არ არის აუცილებელი თამაშობდეს თოჯინებით და გოგონათათვის განკუთვნილი სათამაშოებით, უბრალოდ შესაძლოა მას შეეცვალოს ხმა, ჰქონდეს უფრო ნაზი ქცევები, მოსწონდეს უფრო მეტად გოგონებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ბიჭი, აუცილებლად ჰომოსექსუალია. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანთა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არ ყალიბდება ზემოთ აღნიშნულ ასაკში, უბრალოდ ის ამ დროს ჰპოვებს გამოვლენას. ჰომოსექსუალსა და ჰეტეროსექსუალ ადამიანებს შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება, გარდა ორიენტაციისა, ისინი აბსოლუტურად იდენტურები არიან ერთმანეთის, აქვთ ერთნაირი შესაძლებლობები, გრძნობები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა მეტ-ნაკლებობის გათვალისწინებით, ანუ ისე, როგორც ჩვეულებრივი ორიენტაციის პირებს შორის არსებობს განსხვავებულობა შესაძლებლობებში, ასევეა სექსუალურ უმცირესობათა შორისაც.

ადამიანის ფსიქო სექსუალური განვითარება იწყება სიცოცხლის პირველი თვეებიდან და სრულდება 26 წლამდე და იგი განსაზღვრავს ადამიანის სქესობრივ თვითშეგნებას, სქესობრივ მოქმედებას ადამიანისას საზოგადოებაში და მის ფსიქო სექსუალურ ორიენტაციას. გამოყოფენ ფსიქო სექსუალური განვითარების სამ ეტაპს:

1)       სქესობრივი თვითშეგნების ფორმირება (პირველი ხუთი წელი). მისი სექსუალური მიკუთვნება მდედრობით ან მამრობით სქესისადმი ხდება მიკროსოციალური გარემოს მიხედვით, განსხვავებულობა სქესობრივ დიფერენცირებაში ტვინის ადრეულ პერიოდში. ამ ასაკში ბავშვები იგებენ სხეულის აგებულობის განსხვავებას და სასქესო ორგანოების განსხვავებას ბიჭებსა და გოგოებს შორის.

2)       სქესობრივი მოქმედების სტერეოტიპის ჩამოყალიბება (5-12 წელი).  ამ ეტაპზე ხდება სქესობრივი როლის ჩამოყალიბება.

3)       ფსიქო სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბება (12-26 წელი).  ეს ეტაპი მოიცავს ორ ასაკობრივ პერიოდს პუბერტატიულსა[4] და გარდამავალს.
მიმდინარეობს თანმიმდევრობითი ფორმირება პლატონური, ეროტიკული და სექსუალური ლიბიდოსი.

როგორც ამ ქვეთავის დასაწყისში აღვნიშნე, 12 წლის ასაკში ახდენს გამომჟღავნებას განსხვავებული ორიენტაციის პირი თავისი დიფერენტულობისას და ეს ხდება ადამიანის ფსიქო სექსუალური განვითარების მესამე ეტაპზე, კონკრეტულად პუბერტატიულ ასაკობრივ პერიოდში.

ლგბტ პირები ზუსტად ისეთივე მიზეზების გამო მიმართავენ ფსიქოთერაპიას, როგორითაც ჰეტეროსექსუალი ხალხი, ეს შესაძლოა იყოს სტრესი, სირთულეების დაღწევა სოციალურ ან სამუშაო სიტუაციებში და სხვა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არ აქვთ არანაირი ფსიქიკური განვითარების დარღვევები, სხვანაირად რომ ვთქვათ მათ ისეთივე პრობლემები და დარღვევები აქვთ, როგორებიც აქვთ ჰეტეროსექსუალ პირებს.

დასკვნა

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი აშკარად დისკრიმინაციულია სქესობრივ უმცირესობათა უფლებების დაცვის მხრივ და ეს მუხლი მათ ართმევს უფლებას – დაქორწინდნენ, რადგან იმპერატიულად ითხოვს კანონი, რომ ქორწინების რეგისტრაციისათვის, ქორწინების მონაწილე მხარეები აუცილებლად უნდა იყვნენ ქალი და მამაკაცი.

მიუხედავად საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, ამ პირთა უფლებები უნდა იყოს დაცული, რადგანაც როგორც ნახეთ 1990 წელს ჰომოსექსუალობა (და არა ტერმინი ჰომოსექსუალიზმი – მ.ა.) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადებათა სიიდან ამოიღო და არ შეიძლება ის განხილულ იყოს როგორც ავადმყოფობა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ორიენტაციაში სხვადასხვაობა და ჰეტეროსექსუალსა და ჰომოსექსუალ ადამიანს შორის სხვა, არანაირი განსხვავება არ არსებობს. ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ სამოქალაქო სამართლით დაცული ისეთივე პირები, როგორებიც არიან ჩვეულებრივი ორიენტაციის მიმდევრები, მათ აქვთ ყველა ის უფლება რაც არა ლგბტ პირებს. ისინი არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, არაფრით განსხვავდებიან სხვებისაგან, როგორც ვიზუალურად, ასევე შინაგანათაც. ადამიანთა ნაწილის მტრული დამოკიდებულება მათ წინააღმდეგ, დამსახურებაა ინფორმაციის ნაკლებობის. საქართველოში კი შესაძლოა ითქვას, რომ ინფორმაციის არა თუ ნაკლებობაა, არამედ არ არსებობაა და სწორედ ეს არის იმ ჰომოფობიური დამოკიდებულის მიზეზი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების რიგი წევრები ამ ადამიანთა წინააღმდეგ აშკარა და დაუფარავ აგრესიას ამჟღავნებენ. მაგალითისათვის დევიდ ფრამი, რომელიც იყო განსაკუთრებული თანაშემწე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა 2001-2002 წლებში „CNN“-ის სვეტში, რომელშიც ის ყოველკვირეულად წერს, ამბობს, რომ ისიც დიდი ხნის მანძილზე ეწინააღმდეგებოდა ერთსქესიანთა ქორწინებას და მის მხარ დამჭერებთანაც გაუმართავს ცხარე დებატები ამ თემასთან მიმართებაში, თუმცა როგორც ის ამბობს აშშ-ს ნაწილში ერთსქესიანთა ქორწინება რეალობად იქცა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ პირთა შორის ქორწინებას არ გამოუწვევია რაიმე სახის ზიანი ოჯახებისათვის. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვერ მივიღე საქართველოს საპატრიარქოსგან ინფორმაცია, რათა კვლევა უფრო საინტერესო ყოფილიყო, თუმცა ამ კვლევის ფარგლებში ნათელი გახდა ერთი რამ, რომ ერთსქესიან პირებს შორის ქორწინების უფლება დაკანონებული უნდა იყოს კანონმდებლობის დონეზე, მათ უფლებებს სწორედ კანონი უნდა იცავდეს და აპელირება იმ თემით, რომ თითქოს ლგბტ პირებს შორის ქორწინების დაშვების უფლებამ, შესაძლოა მოახდინოს „მიზიდულობა“ და ჰეტეროსექსუალი ადამიანები დაიწყებენ ცხოვრებას, როგორც ჰომოსექსუალები, არასწორია და მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების სხვა წევრების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან, როგორც ერთ-ერთ ქვეთავში აღვნიშნე ერთსქესიანთა შორის ურთიერთობები იწყება პლატონის დროიდან, ანუ უკვე საუკუნეებია არსებობს ასეთი ურთიერთობები, თუმცა არ მომხდარა საზოგადოების „გადაბირება.“ ამასთანავე, მეცნიერულად, შეუძლებელია ადამიანმა შეიცვალოს ორიენტაცია და ის გადავიდეს ერთიდან მეორეზე, ან პირიქით. სწორედ ამ შეუძლებლობის გამო არიას ჰომოსექსუალთა უფლებები რომ ირღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჰეტეროები გახდებოდნენ, მაგრამ როგორ აღვნიშნე ეს შეუძლებელია და ორიენტაციის არჩევა პირის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. სწორედ ამავე მიზეზის გამო ვერ გახდება ჰეტეროსექსუალი ადამიანია ჰომოსექსუალი. აქვე აღვნიშნავ, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს სექსუალური ხასიათის ურთიერთობა თავისივე სქესის წარმომადგენელთან (ამას არ კრძალავს არავინ), თუ ეს მის სურვილს შეესაბამება, მაგრამ ეს ვერ გამოიწვევს მისი სექსუალური ორიენტაციის ცვლილებას. აქედან გამომდინარე, აზრები იმის შესახებ, რომ თითქოს ერთსქესიან პირებს შორის ქორწინება გამოიწვევს ადამიანებს შორის სურვილს გახდნენ ჰომოსექსუალები, წარმოუდგენელია მედიცინის დონეზე და ორიენტაციის ცვლილება ვერ მოხდება. ანუ, სექსუალურ უმცირესობათა უფლების, იქორწინონ და იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მოწინაღმდეგეების არგუმენტაცია ვერ არის დამაჯერებელი, არ შეესაბამება მათი ფიქრები რეალობას და ეს არის წმინდა ჰომოფობიური გამოვლინებები, შიშები იმის მიმართ, რომ ჰომოსექსუალები „შეგვჭამენ.“ თუმცა ეს ასე არ არის და ამიტომ ლგბტ პირებს აუცილებლად უნდა მიეცეთ ქორწინების უფლება. ამისათვის საჭიროა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდეს ცვლილებები და დისკრიმინაციული მუხლი, რომელიც მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის უშვებს ქორწინების უფლებას უნდა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ისე, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლება დაცული იყოს, რადგან სახელმწიფომ თანაბრად უნდა იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, არ მოახდინოს მათი სხვადასხვა ნიშნებით განსხვავება და დაიცვას თითოეულის უფლებები. ასევე გავიმეორებ ზემოთ აღნიშნულს, სახელმწიფო ნაკლებად უნდა ერეოდეს პირთა პირად ცხოვრებაში. თითოეული ადამიანი არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და ის თვითონვე წყვეტს თუ რა არის მისთვის კარგი და რა არა. ამიტომ სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ უფლება – დაქორწინდნენ.

გამოყენებული ლიტერატურა

http://www.wikipedia.org

http://www.presa.ge

http://www.cnn.com

v  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (2011 წლის 5 მარტის მდგომარეობით)

v  საქართველოს კონსტიტუცია (2011 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით)

v  ბექიშვილი, ნ. (2009). ერთი სიმი-პაატა საბელაშვილი. სოლიდარობა , 66-72.

v  დედოვი, მელნიჩენკო, ფადეევი (2000 წელი). ენდოკრინოლოგია“. მოსკოვი: მედიცინა.

v  თუმანიშვილი, გ. გ. (2010). საქორწინო კონტრაქტი. თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“.

 

შენიშვნა:

წინამდებარე ნაშრომის წერისას გაწეული დახმარებისათვის მადლობა მინდა გადავუხადო თემის ხელმძღვანელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს ბ-ნ გიორგი თუმანიშვილს, ასევე ქ-ნ თეა თუთბერიძეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ქ-ნ იზო შენგელიას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორს ბ-ნ ლევან რამიშვილს, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბ-ნ ბექა მინდიაშვილს, ექიმ-სექსოპათოლოგს ბ-ნ გია ბეროშვილს, ნანა მიგინეიშვილსა და შორენა არიშვილს. რომ არა ამ ადამიანთა გულისხმიერება, ამ კვლევას ვერ ჩავატარებდი.

მირიან არიშვილი


[1] სექსუალურ უმცირესობებს ხშირად ამ აბრევიატურით მოიხსენებენ.

[2] თუმანიშვილი, გ. გ. (2010). საქორწინო კონტრაქტი. თბილისი: გამომცემლობა „უნივერსალი“.

[3]  http://presa.ge/new/print.php?m=society&AID=4510

[4] პუბერტატიულ-ი [ლათ. pubertas (pubertatis) სქესობრივი მოწიფულობა] – რაც სქესობრივ მოწიფულობასთან არის დაკავშირებული. მაგ., პუბერტატიული პერიოდი (შდრ. იუვენალური).

 

Tags: , , , , , , , , , , , , , , ,