RSS

უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები ადმინისტრაციულ სამართალში

13 Feb

უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები ადმინისტრაციულ სამართალში

„მართლმსაჯულების უზენაესი მიზანია სამართლის იდეით ჩაანაცვლოს  მთავრობის ძალადობის იდეა, სამართლებრივი ზღვარი გაავლოს მთავრობასა და მის მიერ ძალის შესაძლო გამოყენებას შორის“

 

     თანამედროვე მსოფლიოში არსებული ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური მიზანი ინდივიდის კეთილდღეობისა და ინტერესების დაცვაა. განვითარების თანამედროვე ეტაპზე ადამიანის უფლებები და თავისუფლებები უზენაეს ფასეულობებად გვევლინება.  გამომდინარე აქედან, სამართლებრივი სისტემის მთავარ ფუნქციას სწორედ პირის უფლებების დაცვის რეალური გარანტიების განსაზღვრა და დარღვეული უფლების ეფექტურად და სწრაფად აღდგენის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

     ისევე როგორც სამართლის სხვა დარგები, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის სფეროში. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის უფლებების ფაქტობრივი რეალიზაციის სრულყოფა, ადმინისტრაციული სამართალი ითვალისწინებს როგორც უფლების დაცვის რეპრესიულ, ასევე უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს. აღნიშნული რეგულაცია მაქსიმალურად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნას და ამავდროულად დადგენილ კონსტიტუციურ გარანტიებს.

        წინამდებარე ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს  ქართულ ადმინისტრაციულ სამართალში არსებული უფლების დაცვის პრევენციული საშუალებების მთავარი ფუნქციებისა და მათთვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურებების   განხილვა. ასევე დადგენა იმისა, თუ მოცემული რეგულირებით რეალურად რამდენად არის უზრუნველყოფილი პირის უფლების ფაქტობრივი დაცვა. გარდა ამისა, გერმანიის ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში არსებულ უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე  მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებების წარმოჩენა.

  1. 2.    უფლების დაცვის პრევენციული საშუალებების ძირითადი ფუნქცია

 

    ინდივიდის უფლების ეფექტური დაცვა უფლების დაცვის რეპრესიულ საშუალებებთან ერთად მოიცავს უფლების დაცვის დროებითი საშუალებების არსებობას, რომელსაც განეკუთვნება სწორედ უფლების დაცვის  პრევენციული საშუალებები.

   უფლების დაცვის წინასწარი საშუალების მთავარი მიზანი დაინტერესებული მხარისათვის იმგვარი შესაძლებლობის მიცემაა, რომლითაც მას საკუთარი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული წარმოების ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების დამთავრებამდე შეეძლება, მაშასადამე, უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს აქვთ დარღვეული უფლების აღდგენის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის, გარანტიის  ფუნქცია.

   მაგალითის სახით შეგვიძლია განვიხილოთ: ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს  უფლებამოსილება იმისა, რომ აღასრულოს გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიება, მიუხედავად აღნიშნული ღონისძიების კანონიერებისა თუ უკანონობისა. იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო განახორციელებს მოქმედებას  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მაგალითად გადასცემს აუქციონის შედეგად გაყიდულ ნივთს კონკრეტულ პირს, რა უნდა ჰქნას დაინტერესებულმა პირმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მოხდა აუქციონის კანონით დადგენილი ნორმების დარღვევით ჩატარება, რითაც მისი ინტერესი არსებითად შეილახა? აღნიშნული ქმედების განხორცილების შემდგომ _ ვთქვათ კონკრეტული ნივთის სხვა პირზე გადაცემის შემდგომ, მას ხომ აღარ ექნება რეალური შესაძლებლობა, მისი საჩივრის თუ სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად მიაღწიოს სასურველ შედეგს? სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ ინდივიდი ადმინისტრაციულ საჩივარზე-სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე  არ დადგეს არასასურველი ფაქტების წინაშე და, შესაბამისად, არ დაეკარგოს ინტერესი მომავალში მის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული მმართველობითი ღონისძიების ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელება-არგანხორციელებისა, ადმინისტრაციული სამართალი ადგენს უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს.

    ამავდროულად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე თუ შიდა ადმინისტრაციული კონტროლი არაეფექტური იქნებოდა, პირს რომ არ ჰქონდეს უფლების პრევენციული დაცვის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა, რადგან ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის კონტროლის ძირითადი მიზანი სწორედ ინდივიდის ინტერესებს ემსახურება. პირის კანონიერი ინტერესის დაცვა კი ეფექტურად მხოლოდ მისი დროული და არა დაგვიანებული დაცვის შედეგად იქნება შესაძლებელი.

      სწორედ, გამომდინარე ზემოთქმულიდან, ადმინისტრაციულ სამართალში არსებობს უფლების დაცვის სუსპენზიური ეფექტი, რომელიც გულისხმობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას და დროებითი განჩინება, რომელიც არა ავტომატურად, არამედ მხოლოდ  სასამართლოს მიერ პირის შუამდგომლობის საფუძველზე და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების ან სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარ დროებითი მოწესრიგების მიზნით გამოიცემა.

  1. 3.    სუსპენზიური ეფექტი

     თავდაპირველად განვიხილოთ უფლების დაცვის პრევენციული საშუალება  _ სუსპენზიური ეფექტი (Die aufschiebende Wirkung), რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება დროებით ჩერდება. კერძოდ, გასაჩივრების შემდგომ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ან სასამართლოს მიერ  სარჩელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების   თაობაზე (სასკ. მუხ.22)  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მაშასადამე, სუსპენზიური ეფექტი მოქმედებს როგორც საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოებისას, კერძოდ სზაკ-ის 184-ე მუხლის საფუძველზე, ასევე  სასამართლოში სარჩელის განხილვისას, კერძოდ სასკ-ის 29-ე მუხლის საფუძველზე  და ამავდროულად მისი მოქმედების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობა.

3.1. ადმინისტრაციული გასაჩივრების სუსპენზიური ეფექტი

    სზაკ-ის  184-ე მუხლის სათაურიდან გამომდინარე ადმინისტრაციული საჩივრის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენისას ჩერდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება. ჩნდება კითხვა: შესაძლებელია შეჩერდეს მხოლოდ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თუ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებაც? ნორმის აღნიშნულ მითითებას ავტორები რედაქციულ ხარვეზად მიიჩნევენ, გამომდინარე იქიდან, რომ ნორმატიული აქტის მოქმედება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონით“ დადგენილი წესით ჩერდება.

    მაშასადამე, ადმინისტრაციული გასაჩივრების დროს ავტომატურად ჩერდება  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება და ეს არ არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სუსპენზიური ეფექტი მოქმედებას იწყებს ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან.

    სზაკ-ის 184-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცავს ჩამონათვალს იმ შემთხვევებისა, რომლის არსებობის დროსაც გასაჩივრების სუსპენზიური ეფექტი არ მოქმედებს, გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო და კერძო ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე და ამ  შემთხვევებში აქტის აღსრულებაზე საჯარო ინტერესი  კერძო ინტერესთან შედარებით ბევრად მეტია. თუმცა, მიუხედავად ამისა, სზაკ-ის 184-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად პირს მაინც რჩება უფლება ასეთ შემთხვევებში სასამართლოს გზით მოითხოვოს უფლების დაცვის პრევენციული მექანიზმის ამოქმედება.

    რა ხდება მაშინ, როდესაც სახეზეა ორმაგი მოქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (Verwaltungsakt mit Doppelwirkung)?  იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სხვადასხვა პირისათვის ერთდროულად აღმჭურველი და შემზღუდველი ხასიათი აქვს, ჩერდება მხოლოდ აქტის შემზღუდველი_ამკრძალავი ნაწილი,  ხოლო როდესაც აღნიშნულის განსაზღვრა ვერ ხერხდება აქტის მოქმედება საერთოდ არ შეჩერდება. თუ ავტომატური შეჩერების შედეგად მეორე მხარეს მდგომ პირს, რომლის მიმართაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღმჭურველია, საკუთარი უფლების რეალიზების საშუალება არ მიეცემა, ვერ იქნება უზრუნველყოფილი გასაჩივრების სუსპენზიური ეფექტის მთავარი მიზანი _ ინდივიდის ინტერესების ეფექტური დაცვა.

3.2  სუსპენზიური ეფექტი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში

   განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს, ადმინისტრაციული სარჩელის უზრუნველყოფა ავტომატურად, მხარის შუამდგომლობისა გარეშე და მოსამართლის ნებისაგან გამოუკიდებლად ხდება. კერძოდ, სასკ-ის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩერდება გასაჩივრებული აქტის მოქმედება. საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოებისას სუსპენზიური ეფექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანო იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს კი სასამართლო იღებს განჩინებას ადმინისტრაციული სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სუსპენზიური ეფექტი შესაძლებელია ამოქმედდეს სარჩელის აღძვრამდეც და არა მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდგომ, გამომდინარე სასკ-ის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან, თუმცა ამ შემთხვევაში აქტის მოქმედების შეჩერება ხდება მხოლოდ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.

  ისევე, როგორც სზაკ-ის 184-ე მუხლი ასევე სასკ-ის 29-ე მუხლიც შეიცავს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება. თუმცა სასკ-ის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩამონათვალი სზაკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ჩამონათვალთან შედარებით განსხვავებულია. მაგ. იგი არ შეიცავს სზაკ-ის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაწესს, ხოლო თავის მხრივ 184-ე მუხლში არ გვხვდება სასკ-ის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ე“, და „ვ“ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ვ“ ქვეპუნქტი უმჯობესი იქნებოდა, რომ მუხლის ცალკე ნაწილით გათვალისწინებულიყო, გამომდინარე იქიდან, რომ იგი შეიცავს დანაწესს, რომელიც უფრო ფართო მნიშვნელობისაა, ვიდრე სხვა ქვეპუნქტებში მოცემული შემთხვევები. კერძოდ, ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება თუ ეს გათვალისწინებულია კანონით. მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლი, რომლის თანახმადაც,  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პირის მიერ სარჩელის წარდგენა არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას, ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო დასაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.

   აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოცემული გამონაკლისი შემთხვევების არსებობა კერძო ინტერესთან შედარებით საჯარო ინტერესის უპირატესობით არის განპირობებული და რაც მთავარია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს პროპორციულობის სწორი განსაზღვრა.

  სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 პუქტის მიხედვით მხარეს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია გამონაკლის შემთხვევებშიც მოითხოვოს სუსპენზიური ეფექტის ამოქმედება. რის საფუძველზე იღებს სასამართლო ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას? რით უნდა იხელმძღვანელოს მოსამართლემ? მოსამართლემ უნდა იმოქმედოს სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტიულობის გათვალისწინებით, თუმცა ძნელია დადგენა იმისა, თუ როგორ ხდება „პერსპექტიულობის“ შემოწმება. სავარაუდოდ, მოსამართლე შუამდგომლობის განხილვისას მოქმედებს ვარაუდის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე მისი დასაბუთებულობის შემოწმება, რაც ყოვლად დაუშვებელია. აქ ისეთ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, როდესაც მოსამართლეს კონკრეტული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე ეძლევა შესაძლებლობა ალბათობის მაღალი ხარისხით ივარაუდოს, რომ განსახილველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირის მიმართ აშკარად უკანონოა ან პირიქით. მოსამართლე ახდენს საჯარო და კერძო ინტერესების შედარებას და ხელმძღვანელობს იმის მიხედვით, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში უფრო მეტია. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-4 ნაწილს, ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მხარის კერძო ინტერესზე ხდება ორიენტირება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-4 ნაწილსა და ამავე მუხლის მე-9 ნაწილს შორის მიმართებასთან დაკავშირებით პრაქტიკაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, კერძოდ გაურკვეველი იყო საკითხი, რომ შუამდგომლობით თუ კერძო საჩივრით უნდა მიემართა პირს სასამართლოსთვის სუსპენზიური ეფექტის შეჩერების მოთხოვნით. საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციით განისაზღვრა, რომ მხარეს შეუძლია ორივე საშუალების გამოყენება და არჩევა მის შეხედულებაზეა დამოკიდებული.

   სუსპენზიური ეფექტის  მოქმედების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს ასევე ის, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ უნდა იყოს აღსრულებული. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება ერთადერთი გზა _ სასამართლომ უნდა გააუქმოს აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

   მაშასადამე, სუსპენზიური ეფექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა არასასურველი მმართველობითი ღონისძიების განხორციელებისაგან, რაც გულისხმობს იმ მდგომარეობის შენარჩუნებას, რომელიც სადავო აქტის გამოცემამდე არსებობდა.

  1. 4.    სასამართლოს დროებითი განჩინება პირის უფლების დასაცავად

    სასამართლოს დროებითი განჩინება პირის უფლების დასაცავად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გამოირიცხება სუსპენზიური ეფექტის მოქმედების შესაძლებლობა.მაშასადმე, იგი მოქმედებს მავალდებულებელ (Die Verplichtungsklage, სასკ-ის 23-ე მუხ.), აღიარებით (Die Feststellungsklage, სასკ-ის 25-ე მუხ.) და ქმედების განხორციელების მოთხოვნის თაობაზე (Die allgemeine Leistungsklage, სასკ-ის 24-ე მუხ.) სარჩელებთან.

   განსხვავებით სუსპენზიური ეფექტისაგან, უფლების დროებითი დაცვის შესახებ განჩინება სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. კერძოდ, სასკ-ის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად პირს განცხადების საფუძველზე შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების პრევენციული დაცვა. შემდეგი განამსხვავებელი ნიშანი კი ის არის, რომ თუ სუსპენზიური ეფექტის შედეგად მხარეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება, მისი ავტომატურად მოქმედების გამო, დროებითი განჩინების შემთხვევაში, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდება, შეჩერებით ან წინასწარი მოწესრიგებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება.

   მთავარი კი რაც დროებით განჩინებას უფლების დაცვაზე სუსპენზიური ეფექტისაგან განასხვავებს არის ის, რომ დროებითი განჩინების საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ სადავო აქტის მოქმედების შეჩერება _ არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, არამედ წინასწარი მოწესრიგებაც, რაც გულისხმობს პირისათვის სასურველი ქმედების წინასწარ განხორციელებას. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

4.1. ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება

   სასკ-ის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველ წინადადებაში მოცემულია ის კონკრეტული შემთხვევა, როდესაც პირს აქვს უფლება მოითხოვოს დროებითი განჩინებით არსებული მდგომარეობის შენარჩუნება (Siecherungsanordnung). კერძოდ, როცა განმცხადებელს შეუძლია დასაბუთება, რომ არსებობს რეალური საფრთხე და სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, არსებული მდგომარეობის შეცვლით მას ხელი შეეშლება  სუბიექტური უფლების

რეალიზებაში ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება _ სასამართლო განჩინებით შეაჩერებს სადავო აქტის მოქმედებას.

    მაგალითად, დაინტერესებულ პირს, რომელიც თვლის, რომ კონკრეტულ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნით შეიზღუდება მისი სუბიექტური უფლება, შეუძლია მოითხოვოს სასამართლოს დროებითი განჩინებით მოსალოდნელი ქმედების განხორციელების შეჩერება, რათა იგი არ დადგეს არასასურველი ფაქტების წინაშე.

4.2. წინასწარი მოწესრიგება

    როგორც აღინიშნა, დროებითი განჩინების საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ არსებული მდგომარეობის status quo-ს შენარჩუნება, არამედ წინასწარი მოწესრიგებაც (Regelungsanordnung). სასკ-ის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, დაინტერესებული მხარის მოთხოვნა დროებითი განჩინებით სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგების თაობაზე დაკმაყოფილდება თუ ეს აუცილებელია გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო, მაშასადამე იმისათვის, რომ პირის მოთხოვნა დასაბუთებული იყოს, აუცილებელია ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობების და, რაც მთავარია, რეალური და არა აბსტრაქტული საფრთხის არსებობა.

   მაგალითად, დაინტერესებული პირი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე დაიშვება გამოცდაზე, ლექციაზე. ასევე მას წინასწარ გადაეცემა სტიპენდია ან დახმარება და ა.შ.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრაქტიკაში  თითქმის არ ხდება მოცემული ნორმით სარგებლობა.

5. უფლების დაცვის წინასწარი საშუალებები გერმანულ ადმინისტრაციულ სამართალში

  განსხვავებით ქართული ადმინისტრაციული სამართლისაგან, გერმანულ ადმინისტრაციულ სამართალში ადმინისტრაციული საჩივრისა და ადმინისტრაციული სარჩელის სუსპენზიური ეფექტი ერთ კანონით, ერთი მუხლით წესრიგდება. კერძოდ, „ადმინისტრაციული სასამართლო წესრიგის შესახებ“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის § 80 (1) შეიცავს შემდეგ დანაწესს: საჩივარს და შეცილებით სარჩელს აქვთ სუსპენზიური ეფექტი. ასევე აქ პირდაპირ არის მითითებული, რომ აღნიშნული მოქმედებს ორმაგი ზემოქმდების მქონე აქტების დროსაც.

  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სუსპენზიური ეფექტის ზუსტ მნიშვნელობასთან დაკავშირებით გამოყოვენ ორ განსხვავებულ თეორიას: ნამდვილობის თეორიას (Wirksamkeitstheorie) და აღსრულების თეორიას (Vollziehbarkeitstheorie). ნამდვილობის თეორიის მიხედვით ადმინისტრაციული აქტი ჩერდება სარჩელზე ან საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მანამდე იგი ნამდვილად არ ითვლება. საპირისპიროს ადგენს აღსრულების თეორია, რომლის მიხედვითაც სუსპენზიური ეფექტი აჩერებს მხოლოდ აქტის აღსრულებას _ მოქმედებას და არა მის ნამდვილობას, შეჩერებამდე კი აქტი ნამდვილად ითვლება. ძირითადად სწორედ აღსრულების თეორიას უჭერენ მხარს, რომლის მიხედვითაც სუსპენზიურ ეფექტს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს აქტის ნამდვილობაზე.

  „ადმინისტრაციული სასამართლო წესრიგის შესახებ“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის § 80 (2)  ითვალისწინებს სუსპენზიური ეფექტის მოქმედების გამომრიცხავ გარემოებებს, რომელოიც ძირითადად ქართული კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების მსგავსია. თუმცა არის განსხვავებებიც. მაგ. ქართული კანონმდებლობის მიხედვით პოლიციის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული პირობების არსებობისას შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის შემთხვევაში  მოხდეს სუსპენზიური ეფექტის მოქმედების შეჩერება, მაშინ როდესაც გერმანული კანონმდებლობის მიხედვით ეს ეხება როგორც შეცილებით სარჩელს, ასევე ადმინისტრაციულ საჩივარს. ასევე „ადმინისტრაციული სასამართლო წესრიგის შესახებ“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის § 80 (2) მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით სუსპენზიური ეფექტი არ მოქმედებს, როდესაც საქმე ეხება ინვესტიციებს და სამუშაო ადგილების შექმნას. მსგავს დანაწესს ქართულ ადმინისტრაციულ სამართალში ვერ ვხვდებით. ასევე VwGO-ს § 80 Abs. 2 (4) მოცემულია „ადმინისტრაციული ორგანოს განსაკუთრებული ინტერესის ცნება“, რომელიც ასევე არ გვხვდება ქართულ ადმინისტრაციულ სამართალში. VwGO-ს § 80 Abs. 3 მიხედვით კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წერილობითი დასაბუთება გასცეს, ჩამოთვლილი გამონაკლისი შემთხვევების გარდა.  VwGO-ს § 80 Abs. 4 ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას სასამართლოს გარეშე გადადოს ან გააუქმოს აქტის აღსრულება.  „ადმინისტრაციული სასამართლო წესრიგის შესახებ“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის § 80 (5) ადგენს, რომ პირს შეუძლია მოითხოვოს სუსპენზიური ეფექტის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერება ან პირიქით და ასევე აღსრულების გაუქმება, მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა კი სასამართლოს განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას ნებისმიერ დროს შეუძლია § 80 (7).

   რაც შეეხება სასამართლოს დროებით განჩინებას იგი მოცემულია „ადმინისტრაციული სასამართლო წესრიგის შესახებ“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის §123, რომელიც თითქმის ანალოგიურია სასკ-ის 31-ე მუხლისა: მხარის მოთხოვნით სასამართლოს დადგენილ შემთხვევებში შეუძლია მიიღოს დროებითი განჩინება, რომლითაც ჩერდება აქტის მოქმედება (Bewahrung des status quo) ან ხდება წინასწარი მოწესრიგება (Erreicherung eines status ad quem). ამავდროულად აუცილებელია, რომ განმცხადებლის სუბიექტური უფლების დასაცავად დროებითი განჩინების მიღება ერთადერთი საშუალება იყოს, პირს არ უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა თავისი უფლების სხვა გზით დაცვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელი იქნება Verbot der Vorwegnahme der Hauptsache“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადავოა საკითხი, იმის თაობაზე, რომ VwGO-ს § 80 Abs. 7  იძლევა თუ არა არსებული მდგომარეობის ანალოგიურად შეცვლის შესაძლებლობას, გამომდინარე მისი ფორმულირებიდან.

დასკვნა

    დასკვნის სახით, შესაძლებელია ითქვას, რომ წინამდებარე ნაშრომში განხილულ იქნა უფლების დაცვის პრევენციული საშუალებებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ასპექტები. კერძოდ, დადგინდა, რომ უფლების ეფექტურად დაცვის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის უფლების დაცვის დრო, მხოლოდ დროულად მოქმედი დაცვის მექანიზმებით არის შესაძლებელი პირის ინტერესის რეალური დაცვა. დადგინდა, რომ დროებითი განჩინების მიღებისას სასამართლო ხელმძღვნელობს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. განხილულ იქნა სუსპენზიური ეფექტის მოქმედების ფარგლების შესახებ არსებული ძირითადი თეორიები.

  გარდა ამისა ყურადღება გამახვილდა ქართულ ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში უფლების დაცვის წინასწარ საშუალებებთან დაკავშირებით  არსებული ნორმების რედაქციულ ხარვეზებზე. ასევე „ადმინისტრაციული სასამართლო წესრიგის შესახებ“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის სასკ-ის და სზაკ-ის შედარებით-სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე დადგინდა მათ შორის არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი მსგავსება-განსხვავება.

თამარ ასათიანი

ბიბლიოგრაფია

 

სამეცნიერო ლიტერატურა

  1. მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, ეკატერინე ქარდავა, პაატა ტურავა (რედ), ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2008
  2. მაია ვაჩაძე, ინგა თოდრია, პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2005
  3. ზურაბ ადეიშვილი, ქეთევან ვარდიაშვილი, ლევან იზორია, ნინო კალანდაძე, მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ტურავა, დიმიტრი ქიტოშვილი: ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2005
  4. პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე, ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო, თბილისი, 2010
  5. პაატა ტურავა, „უფლების დაცვის პრევენციული საშუალებები“, ჟურნალი „პროფესია _ ადვოკატი“, N3, 2007
  6. ავთანდილ დემეტრაშვილი, ირაკლი კობახიძე, „კონსტიტუციური სამართალი“, თბილისი 2010
  7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები ადმინისტრაციული სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007
  8. Friedhelm Hufen, Verwaltungsprozessrecht, 8. Auflage, München, 2011, C.H.Beck
  9. Friedhelm Hufen, Verwaltungsprozessrecht, 6. Auflage, München, 2005, C.H.Beck
  10. Klaus Beckmann, Vorläufiger Rechtsschutz und aufschiebende Wirkung, Lit. Verlag Dr. W.Hopf, Hamburg, 2008
  11. Ehlers. Soch,  Rechtsschutz im Öffentlichen Recht, Berlin, 2009
  12. Rolf Schmidt, Verwaltungsprozessrecht,  14. Auflage, Bremen, 2011,  Verlag Rolf Schmidt GmbH
  13. Brandt. Sachs(Hrsg.) Handbuch Verwaltungsvervahren und Verwaltungsprozess, 3., neu bearbeitete und erweiterte Auflage, 2009,  C.F. Mueller, Freiburg
  14. Wolf-Rüdiger Schenke, Neuere Rechtsprechung zum Verwaltungsprozessrecht (1996-2009),  Mohr Siebek Tübingen, 2009

 

კანონმდებლობა

  1. საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის კოდექსი
  2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის კოდექსი
  3. საქართველოს კონსტიტუცია
  4. გერმანიის კონსტიტუცია
  5. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონი ადმინისტრაციული სასამართლო წესრიგის შესახებ
  6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
  7. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონი
 

Tags: , , , , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: