RSS

საქორწინო კონტრაქტი(რატომ არ სარგებლობს საგოგადოება ამ ინსტიტუტით)

14 Feb

საქორწინო კონტრაქტი(რატომ არ სარგებლობს საგოგადოება ამ ინსტიტუტით)

აღნიშნული სტატია შეეხება საქორწინო კონტრაქტს რომელშიც განხილულია საქორწინო კონტრაქტის მნიშვნელოვანი მიმართულებები და მისი განვითარების საშვალებები. ვინაიდან საქორწინო კონტრაქტზეა საუბარი უნდა ითქვას რომ თემაში განხილულია მისი შექმნის და გაუქმების წესები, ასევე თუ როგორია მისი როლი სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში.

   მნიშვნელოვნადაა გამახვილებული ყურადღება საქორწინო კონტრაქტის პრიამბულასთან დაკავშირებით, ასევე კონტრაქტის შეწყვეტის გაუქმების და შეცვლის ფორმებზე, ქორწინებასთან დაკავშირებით დაყენებულ დოქტრინებზე.

კვლევა ძიების აქტუალობა მდგომარეობს:საქორწინო კონტრაქტის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის, რომელიც სრულყოფილად პასუხობს თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში დღევანდელი დღისათვის დამკვიდრებულ მორალურ-ეთიკურ და სამართლებრივ მოთხოვნებს, ანალიტიკურ შესწავლაში და თეორიული კვლევა-ძიების (პრაქტიკული შედეგის სახით) რეალურ სინამდვილეში დანერგვის პროცესის ხელშეწყობაში.

საქორწინო კონტრაქტის, როგორც სამართლებრივი ცნების შედარებით სრულყოფილი მოდელის შემუშავებაში, რაც საქორწინო კონტრაქტს შემატებს სამართლებრივი თემის აქტუალობიდან გამომდინარე მივედი იმ დასკვნამდე რომ დამეწერე აღნიშნული საკითხი, ვინაიდან თემა მეტად საინტერესოა საზოგადოებისთვის და შეიძლება ითქვას რომ ახალი ინსტიტუტია სხვა ინსტიტუტებთან შედარებით.

   ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქორწინო კონტრაქტის განვითარებისთვის უნდა მოხდეს მისი გაშიფვრა უფრო ფართო ჭრილში ვინაიდან საზოგადოებას მიეცეს საშვალება აღიქვას საქორწინო კონტრაქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

                                                      ქორწინების სამართლებრივი ბუნება

   ქორწინება ოჯახის საფუძველია. იგი.მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს მამაკაცსა და ქალს შორის არსებული ისეთი ურთიერთობები, რომელთაც, ადამიანთა მოდგმის გაგძელების მიზნით თვით ბუნება განაპირობებს. ქორწინებით ხდება სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება.

     ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებამდე ქორწინების ცნება არ არსებობდა იურიდიულ ლიტერატურაში. საქორწინო კანონმდებლობით დადგენილი ქორწინების ცნების დეფინიციის არსებობას ცალკეული ავტორები იმით ხსნიდნენ, რომ ქორწინება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ეთნიკური ნორმებისა და ეკონომიკური კანონების ზემოქმედების ქვეშ მყოფი კომპლექსური სოციალური მოვლენაა, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მისი განსაზრვრის მართებულობას მხოლოდ სამართლებრივი პოზიციებიდან, მით უმეტეს, რომ შეუძლებელია ქორწინების სულიერი და ფიზიკური ელემენტების სამართლებრივი გზით რეგულირება.

        ქორწინება წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის კავშირს, რადგან  საქართველოს საოჯახო კანონმდებლობა ცნობს და იცავს, მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის არსებულ კავშირს.

       ( საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი )

       ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა  ორმხრივ პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს, რომლებიც სახელმწიფოს რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ძალას.ქორწინებისთვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშვალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება ;ქორწინება მამაკაცის და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს.[1]

       ჩემი აზრით , მიშვნელოვანია შევეხოთ იმ საკითხის გადაწყვეტას, რაც შეეხება ფიქტიურ ქორწინებას ვინაიდან, როგორც კანონმდებელი  განმარტავს ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია “ოჯახის შექმნის მიზანი” სწორედაც თუ ქორწინებას არ ახლავს ოჯახის შექმნის მიზნის განსაზღვრა და მისი განხორციელება იგი ფიქტიური ურთიერთობაა.

         მიუხედავად იმისა,  რომ  ქორწინების ცნება ამომწურავად არ არის განმარტებული, მან მაინც პოვა ასახვა მთელ რიგ სახელმწიფოების კანონმდებლობაში.ზოგიერთმა სახელმწიფომ ქორწინების ცნების ნორმატიული განსაზღვრა კონსტიტუციაშიც შეიტანა. მაგალითად ბულგარეთის(1991წლის კონსტიტუციის 46-ე მუხლი) და საქართველოს (1995 წლის კონსტიტუციის 36-ე მუხლის) რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად;”ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას”. მე განვიხილე, თუ რას წარმოადგენს ქორწინების არსი და შევეხე სხვადასხვა საკითხებს რაც მეღლეთა უფლება მოვალეობებს შეეხება, ჩემი აზრით, მისაღებია განვიხილოთ უხსოვარი დროიდან მოყოლებული თუ როგორ ვითარდებოდა ქორწინების ინსტიტუტი,როგორი იყო მისი განსაზღვრა და რა სამათლებრივი ურთიერთობებს წარმოშობდა მეუღლეთა შორის, როგორ ხდებოდა ნიშნობა ძველ ქართულ სამართალში, როგორ ხდებოდა მცირეწლოვანთა ნიშნობა (აკვანში დანიშვნა) ნიშნობის რიტუალები და  სხვა.

          ქორწინებასთან დაკავშირებით საინტერესოა ქართული სინამდვილის მოშველიება. ცნობილია, რომ საზოგადოების აღწარმოება პოპულაცია გვარის შიგნით დაიწყო ე.წ. სისხლლითმონათესავე სქესთა შეუღლების გზით, რომელსაც მეცნიერებაში ენდოგამია ეწოდება. ამ მოვლენას საქართველოშიც ჰქონია ადგილი, რომლის შესახებაც საინტერესო დაკვირვებები გააჩნია ივ.ჯავახიშვილს, თავის “ქართული სამართლის ისტორიაში”, ივ. ჯავახიშვილი ეხება ცოლ-ქმრისა და ქორწინების თავდაპირველ წესებს, აკეთებს ღრმა წიაღსვლებს და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ქართული”მამაძუძუობის” ძალით მამაკაცი შედიოდა გვარის შიგნით შვილების გაჩენის მიზნით.[2]

          ივ. ჯავახიშვილის ეს დაკვირვება საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ საქართველოში ქორწინების თავდაპირველ ფორმას. ; ამისათვის საინტერესოა ქართული ტერმინი გათხოვების შინაარსის განსაზღვრა ქართულ ენაზე ქალის დაქორწინებას ეწოდება გათხოვება .ე.ი. ქალი მიდიოდა მშობლების ოჯახიდან არა დროებით არამედ სამუდამოდ.

         ქორწინების და ცოლ- ქმრობის წესების განხილვისას ივ.ჯავახიშვილი ეხება მოტაცებით ქორწინების საკითხს და აღნიშნავს “ქართული ქორწილის ხალხურ ჩვეულებეში ჩაგვრისა და მოტაცების ანარეკლი მკაფიოდა მოსჩანს” .ახლა საინტერესოა განვიხილოთ ქორწინებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინსტიტუტები, რომლებიც ავსებენ საქორწინო ინსტიტუტის განსაზღვრას.[3]

  1.             ნიშნობა(დაწინდვა) საქორწინო-საოჯახო სამართლის ერთ-ერთი საინტერესო ინსტიტუტია. იგი ჩვეულებრივ წინ უძღვის ნებაყოფლობით ქორწინებას. ეს ინსტიტუტი სათავეს იღებს უხსოვარი დროიდან ნიშნობის ინსტიტუტი საკანონმდებლო წესით იყო რეგლამენტირებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში .საქართველოში ე.წ.სოციალისტური საოჯახო კანონმდებლობა მოუწესრიგებელს ტოვებდა ამ საინტერესო ინსტიტუტს. ახალმა სამოქალაქო სამართლის კოდექსმა გაითვალისწინა ევროპის ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკა და ნიშნობის საკითხს მხოლოდ ერთი მუხლი მიუძღვნა მუხლში აღნიშნულია:დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა არ წარმოშობს შემდგომ დაქორწინების მოვალეობას.
  2. ნიშნობა არ არის სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ სარჩელის წარდგენის საფუძველი.
  3. ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ

           ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრება აქვს გამოთქმული პროფ.გიორგი ნადარეიშვილს. იგი მიუთითებს, რომ ისევე როგორც ბიზანტიაში საქართველოშიც ქორწინებას წინ უძღოდა ნიშნობა, რომელიც საეკლესიო წესით სრულდებოდა. და იგი სხვა არა იყო რა თუ არა მხარეების ან მათი მშობლების თუ მეურვეების თანხმობა მომავალი ქორწინების შესახებ.[4]

             ძველ საქართველოში ნიშნობის ინსტიტუტის  თავისებურებების შესახებ საინტერესოა ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები. ასეთი მასალებიდან ირკვევა, რომ ნიშნობა შეთანხმება იყო დასაქორწინებელ მხარეთა შორის.

          როგორც პროფ. გიორგი ნადარეიშვილი მიუთითებს ქრისტიანულ ეკლესიას ნიშნობაზე უფრო მაღალი შეხედულება ქონდა ვიდრე უბრალო სამოქალაქო გარიგებაზე. იგივე ავტორის მითითებით, სხვადასხვა ხალხების კანონმდებლობა ნიშნობას და ქორწინებას ერთ სიბრტყეზე განიხილავდა. ქრისტიანული საეკლესიო კანონმდებლობა კი ნიშნობას თავისი მნიშვნელობით ქორწინებას უთანაბრებდა.

        ნიშნობა ხელშეკრულებად არის მიჩნეული, ამის დამადასტურებელია მრავალი აღმოსავლური ძეგლი თუ ძველი მონათფლობელური წყარო , მაგალითად; ბიბლიური წყაროების მიხედვით საქორწინო შეთანხმება იდებოდა მოწმეების თანდასწრებით და თავდების დანიშვნით. ამას თან ახლდა სპეციალური საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება,დღევანდელი საქორწინო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს არც მოწმეების დასწრებას და არც თავდებობას მაგრამ მათ შორის არის მსგავსება.[5]

         ვფიქრობ აქ ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ საქორწინო ხელშეკრულება და ის ხელშეკრულება რომელიც ნიშნობის დროს იდებოდა მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული ხელშეკრულება იდებოდა ქორწინებამდე.

          მცირეწლოვანთა დანიშვნის ფაქტები და წესი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში დასტურდება ეთნოგრაფიული მასალების ანალიზით ამ წესებს და ფაქტებს ზოგჯერ წერილობით ძეგლებშიც ვხვდებით. ეს კარგად სჩანს რუის-ურბნისის კრების გადაწყვეტილებიდან ივ.ჯავახიშვილის მითითებით საქართველოში “უძველეს დროს მცირეწლოვან ქალ-ვაჟის დაწინდვა სცოდნიათ”[6].

        რუის-ურბნისის ამავე კრების დადგენილებით მცირეწლოვანთა დაწინდვა კი დაკანონდა, მაგრამ  მათი დაქორწინება უკანონოდ იქნა მიჩნეული და კატეგორიულად აიკრძალა.[7]

           ნიშნობის რიტუალების აღწერისას თავს იჩენს მხარეთა უფლებები და მოვალეობები, განსაკუთრებით კი ქონებრივი ვალდებულებები ვინაიდან ნიშნობის დროს ხდებოდა წინასაქორწინო საჩუქრების მიცემა, რაც შემდგომ მეუღლეთა საკუთრება ხდებოდა.

          ქორწინების პირობების ჩამოთვლისას პროფ.გიორგი ნადარეიშვილი ასახელებს ქორწინებისთვის ისეთ აუცილებელ მოთხოვნებს, როგორიცაა ერთსარწმუნეობა, ხორციელი და ნათესაური არსებობა ბოლო მოთხოვნად ასახელებს მექორწინეთა ნების გათვალისწინებასაც.

           რაც შეეხება მცირეწლოვანთა დაქორწინების ასაკს მნიშვნელოვანია მოვიშველიოთ სხვადასხვა  სამართლებრივი ძეგლები.

           მცირეწლოვანთა დაქორწინებას ქართული საზოგადოება ებრძოდა, მაგრამ ქორწინების წიგნებში მაინც ვხვდებითგამონაკლისების სახით 12,13,14, წლის ქალ-ვაჟთა ქორწინების ფაქტებს სამაგიეროდ 12 წელს ქვემოთ დაქორწინების ვერც ერთ დოკუმენტს ვერ ვნახავთ საეკლესიო ძეგლებში.

           საქართველოში დადგენილი იყო ქალებისათვის 12 ხოლო ვაჟებისათვის 15,16 წელი რაც იმ დროისათვის მისაღებად ითვლებოდა..

           ჩემი აზრით უნდა შევეხოთ ქორწინების ისეთ დამაბრკოლებელ გარემოებას როგორიც იყო სოციალური წოდებრივი და  თანამდებობრივი უთანასწორობა იმ პერიოდისათვის, ასეთი შემთხვევები ხშირი იყო, რომ წოდებრივად დაბალა მდგომი ქალის მოყვანა არ შეიძლებოდა

         ბატონყმობის გაუქმების შემდეგ მე-19 საუკუნის 60-იან წლებიდან სწრაფად იცვლება ძველი წოდებრივი საქორწინო ურთიერთობები, წოდებრივის ნაცვლად განსაზღრული ხდება ქონებრივი მდგომარეობა.

         და ბოლოს, დასკვნის სახით უნდა გაივლოს პარალელი  საქორწინო ხელშეკრულების როლს და ძველ დროს ქორწინების როლს შორის. შეიძლება ითქვას რომ იმ დროისათვის საქორწინო ხელშეკრულების არსებობა არ იყო მისაღები სხვადასხვა ერებისათვის ვინაიდან არ არსებობდა მეუღლეთა შორის  ისეთი ქონებრივი საფუძველი .რითაც შემდგომში მათ გაუჩნდებოდათ ხელშეკრულების დადების სურვილი.

         XXI  საუკუნეში უკვე ფართო გამოყენება ჰპოვა საქორწინო ხელშეკრულებამ, ვინაიდან ეკონომიკურმა წინსვლამ ამა თუ იმ ქვეყანაში საფუძველი მისცა მის გამოყენებას. უფრო კი განვითარებული ქვეყნები აქცევენ დიდ ყურადღებას საქორწინო ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ქვეყნებში არსებული მოსახლეობა უზრუნვეყოფილია ყველაფრით და ქონების დაზღვევის მიზნით დებენ არსებულ ხელშეკრულებას .

  საქორწინო ხელშეკრულების ზოგადი მიმოხილვა

ცამეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ძალაში შევიდა. ამ მოკლე დროის განმავლობაში საქორწინო ხელშეკრულების გამოყენების პრაქტიკამ ვერ ჰპოვა ფართო გავრცელება, რადგან ეს პერიოდი საკმარისი არ აღმოჩნდა ზემოხსენებული სამართლებრივი ინსტიტუტის მოქმედების ეფექტურობის შესაფასებლად.

     თავისი სამართლებრივი ბუნებით საქორწინო ხელშეკრულება სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებას წარმოადგენს. მისი განსაკუთრებული ნიშნების არსებობა განპირობებულია სუბიექტური შემაგდენლობით და ოჯახურ ურთიერთობათა სპეციფიკით, რაც განასხვავებს მას დანარჩენი სამოქალაქო სამართლებრივი დარგებისგან.

      მოქმედ კანონმდებლობაში საქორწინო ხელშეკრულების (კონტრაქტის) გათვალისწინებამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა იურიდიულ ლიტერატურაში მისი სამართლებრივი ბუნების შესწავლას და შეიქმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტი-საქორწინო ხელშეკრულება (კონტრაქტის სახით)[8]

         საქართველოში მოქმედი საოჯახო კანონმდებლობა საშუალებას აძლევს მეუღლეებს დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ასევე განქორწინებისას.

          სამოქალაქო კოდექსის მიღებამდე მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობები იმპერატიული ნორმებით რეგულირდებოდა. რაიმე სხვა სახის შეთანხმება, ერთობლივი ქონების მართვის და განკარგვის თაობაზე, კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და იურიდიული ძალა არ ჰქონდა. ამ დროს მეუღლეთა ქონებას ძირითადად მოხმარების საგნები-ტანსაცმელი, ავტომანქანა, ავეჯი-წარმოადგენდა და როგორც წესი, გასაყოფიც არაფერი იყო.

          დღევანმდელ დღეს, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მომხდარმა კარდინალურმა ცვლილებებმა აიძულა დასაქორწინებელი და ქორწინებაში მყოფი პირები წინასწარ მიეღოთ ზომები ოჯახურ ურთიერთობათა და ძირითადად, ქონებრივი უფლებების და მოვალეობების სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრისათვის.

       საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა ერთობლივ თანასაკუთრებას წარმოადგენს მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თანასაკუთრების მიკუთნება თითოეული მეუღლის შემოსავლები შრომით, სამეწარმეო, ინტელექტუალურ საქმიანობიდან, ორივე მეუღლის მიერ მიღებული პენსიები, შემწეობები, სხვა სახის ფულადი განაცემები, მეუღლეთა საერთო შემოსავლების ხარჯზე შეძენილი მოძრავი და უძრავი ნივთები ფასიანი ქაღალდები, შეტანილი პაი, დაბანდებები, კაპიტალის წილები, მეუღლეთა მიერ ქორწინების შეძენილი ქონება, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვის ეკუთნის და ვისი სახსრებით იქნა სეძენილი თანაბრად ეკუთნის ორივე მეუღლეს.

        განქორწინების შემთხვევაში ხელშეკრულების ასეთი ფორმა საშუალებას აძლევს მეუღლეებს, კონფლიქტური სიტვაციის დადგომამდე, დაიკმაყოფილონ სასამართლო წესით ქონებრივი პრეტენზიები.

           მეუღლეთა ქონების სახელშეკრულებო რეჟიმის დაწესება, საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება მათ შორის (სამოქ. კოდექსის 1172 მუხლი) თანამედროვე იურიდიულ ლიტერატურაში აღიარებულია სიახლედ რაც არარის მართებული ჩემი აზრით. საქორწინო კონტრაქტის არსებობა ორი ათას წელზე მეტს ითვლის, ევროპაში საქორწინო ხელშეკრულებები , შუა საუკუნეებიდან არის ცნობილი ქორწინება განიხილებოდა როგორც ეკონომიკური კავშირი და მას ერთვოდა შესაბამისი ქონებრივი ხელშეკრულების გაფორმება.

         თავდაპირველად საქორწინო ხელშეკრულება ზეპირი ფორმით იდებოდა, XVII საუკუნის დასაწყისიდან კი წერილობით (რაც პირველ რიგში ეხებოდა შემთხვევებს როდესაც ქალს მიწის ნაკვეთი ეძლეოდა მზითვად) ოჯახური ურთიერთობების საქორწინო კონტრაქტში გატარებული იყო პრინციპი იმის შესახებ რომ ქმარი, ქორწინების მთელი პერიოდის განმავლობაში ვალდებული იყო უზრუნველყო ცოლი საკვებით საცხოვრებელი ადგილით, ტანსაცმლით, სამედიცინო მომსახურებით, ასევე ვალდებული იყო შეესრულებინა ცოლ-ქმრული მოვალეობები. [9]

       საბჭოური წესწყობილების პერიოდში საქორწინო კონტრაქტის არსებობას აზრი არ ჰქონდა, რადგან ყოველივე მატერიალური თითქოსდა საფუძველს მოკლებული გათანაბრებული იყო უმრავლესობა და ძირითადად, დაქორწინებული ქალ ვაჟი არ ფლობდა მატერიალურ ბაზას და მათ გასაყოფიც არაფერი ჰქონდათ.

      შეხედულებები საქორწინო კონტრაქტის თაობაზე მკვეთრად გაიყო, უნდა ითქვას, რომ საქორწინო გარიგებათა მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას საფუძვლად დაედო ის, რომ  “არ ღირს საქორწინო კავშირებისათვის ჩრდილის მიყენება ერთმანეთის მიმართ უნდობლობის გამოვლენით”. ასევე ის, რომ “საკითხი განქორწინებისა და  ქონების გაყოფის შესახებ არასდროს წამოიჭრება მოყვანილ მეუღლეთა შორის”.

       საქორწინო ხელშეკრულების საზღვარგარეთის პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, მოწმობს რომ რიგი ობიექტური მიზეზების გამო ეს ხელშეკრულება არ არის გათვლილი მოქალაქეთაფართო წრეებზე. ამ გარიგებას მიმართავენ შეძლებული მოქალაქეები, რომლებიც მემკვიდრეობით ან სხვა გზით შეძენილი საოჯახო ქონების შენარჩუნებას ცდილობენ.

      სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსგავსი ხელშეკრულება ახალდაქორწინებულთა 3-5 პროცენტის მიერ იდება.სწორედ ამ ფარგლებში საქორწინო ხელშეკრულებაზე საზოგადოების პრაქტიკული მოთხოვნილების რეალიზება, აქედან გამომდინარეობს პასიური მიდგომა, რომელსაც მოქალაქეები საქორწინო ხელსეკრულების მიმართ დღესდღეისობით იჩენენ. მიზეზი არის, ერთი მხრივ ის, რომ მოსახლეობას არ სურს ჩვეული კალაპოტიდან ამოვარდნა, მეორე მხრივ კი, სამართლებრივი უცოდინრობა, რადგან მოსახლეობის უმეტესობამ არაფერი იცის საოჯახო საქორწინო ურთიერთობათა მარეგულირებელი ხელსეკრულების მსგავსი ნორმის თაობაზე.[10]

       საქორწინო ხელშეკრულებამ არც ერთი მეუღლე არ უნდა ჩააყენოს არახელსაყრელ მდგომარეობაში . თითოეულ მეუღლეს განვითარებული უნდა ჰქონდეს შინაგანი გძნობა, რომელიც შეაკავებს მას დადებული ხელშეკრულებიდან საკუთარი სარგებლის მიღებისაგან, მეორე მეუღლის უფლებების და ინტერესების შელახვის ხარჯზე. ხელშეკრულება გულისხმობს მხარეთა მიერ პარიტეტულობის დაცვას და ერთმანეთის უფლებების პატივისცემას.[11]

        საქორწინო კონტრაქტის შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სხვადასხვა რელიგიის და ეროვნების ადამიანებს. ამგვარ ქორწინებაში დამატებითი სირთულედ შეიძლება იქცეს ეროვნული და რელიგიური თავისებურებებიც.

       თუკი საქორწინო ხელშეკრულებით დგინდება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების რეჟიმი, მაშინ მეუღლეებს უფლება აქვთაირჩიონ  ან განცალკევებული საკუთრების ან წილობრივი საკუთრების რეჟიმი.

       თუ საქორწინო ხელშეკრულება თითოეული მეუღლისათვის ადგენს კანონით კუთვნილი ქონების განცალკევებული(ინდივიდუალური) საკუთრების უფლებით რეჟიმს, მაშინ მეუღლეებს უფლება აქვთ აირჩიონ თანასაკუთრების ან წილობრივი საკუთრების რეჟიმი.

       საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დადებული იქნეს მეუღლეთა მომავალი ქონების მიმართაც, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ხელშეკრულების დებულელები მხოლოდ მაშინ წარმოიშობა როდესაც მეუღლეებს ექნებათ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ქონება.

      ცხოვრებაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ქორწინებას წინ უსწრებს მამაკაცის და ქალის ხანგძლივი ერთობლივი ფაქტობრივი თანაცხოვრება, რომლის განმავლობაში ისინი ახორციელებენ სახსრების დაბანდებას საერთო ქონებაში.მაგალითად; ერთ-ერთი ფაქტობრივი მეუღლე მეორეს გადასცემს ფულს აგარაკის ან ბინის შესაძენად, ამ შემთხვევაში საქორწინო ხელშეკრულების დადება მთელ ქორწინებამდელ ქონებაზე ან ცალკეულ ობიექტებზე თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების პირობით, საიმედოდ დაიცავდა არამესაკუთრე მეუღლის ქონებრივ ინტერესებს. საპირისპიროდ ამის შეიძლება წარმოვიდგინოთ საქორწინო ხელშეკრულება, რომლის პირობების თანახმად, შემოსავალიც კი განცალკევებულობის რეჟიმს დაექვემდებარა. დასაშვებია მეუღლეთა ქონების სრული განცალკევებულობის რეჟიმის დადგენაც. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანილ იქნეს საგაზეთო პუბლიკაცია ლუჩიანო პავაროტის და მისი მეუღლის განქორწინების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ განქორწინებას არ მოჰყოლია სასამართლო დავა მეუღლეთა მიერ თანაცხოვრების. 36 წლის მანძილზე ერთობლივად დაგროვილი ქონების გაყოფა რადგანაც თავის დროზე დიდმა ტენორმა და მისმა მეუღლემ გააფორმეს კონტრაქტი ქონებაზე განცალკევებული საკუთრების რეჟიმის გავრცელების შესახებ.

საქორწინო ხელშეკრულება სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებაა, მიმართული მეუღლეთა ქონების სამართლებრივი რეჟიმის შესაცვლელად დადგენილ კანონთან შედარებით, ხელშეკრულების ამ ტიპის სპეციფიკურ თვისებებს განეკუთნება მისი სუბიექტური შემადგენლობა, რადგანაც საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ასევე ნებისმიერ დროს რეგისტრაციის შემდეგ. საქორწინო ხელშეკრულების სუბიექტები შეიძლება იყვნენ როგორც მეუღლეები, ასევე ის პირები რომელთაც განზრახული აქვთ ქორწინება.

     ამგვარად საქორწინო ხელშეკრულების დადება შეუძლიათ:

  ა) მეუღლეებს, ანუ რეგისტრირებულ ქონწინებაში მყოფ პირებს. ქორწინების რეგისტრაცია ხდება სამოქალაქო რეესტრის ორგანოში და გაფორმებულად ითვლება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციიდან (სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლი)

      თეორიასა და პრაქტიკაში განსაკუთრებულ ინტერეს იწვევს საკითხი ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობაში მყოფ პირთა მიერ საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ფაქტობრივ საქორწინო ხელშეკრულებებში მოიაზრება ოჯახური თანაცხოვრება ქორწინების დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე. ლ.რ. ნასიროვას აზრით , მეუღლეებს, რომლებიც ხანგძლივად იმყოფებიან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობებში, შეიძლება მიეკუთნოს ალიმენტის ან კანონიერი მემკვიდრეობის მიღების უფლება, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ფაქტობრივ მეუღლეებისათვის საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების უფლების მინიჭება. მათ შორის საერთო ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების პირობებით. [12]

ბ) საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს რომლებსაც მომავალში შეუძლიათ გახდნენ მეუღლეები.

     როგორც ავღნიშნე, საქორწინო ხელშეკრულება სამოქალაქო -სამართლებრივი ხელშეკრულების ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ სუბიექტების წრის შედარებისას, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სამოქალაქო- სამართლებრივ გარიგებებს დებენ, სუბიექტთა იმ წრესთან, რომელთაც საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების უფლება აქვთ, მნიშვნელოვანი განსხვავებები იჩენს თავს. საქორწინო ხელშეკრულების დადება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს , რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი გამონაკლის შემთხვევებში დაქორწინება თექვსმეტი წლის ასაკიდანაც შეიძლება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი თანხმობით.

     თანხმობაზე მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უარის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს.

      იმ შემთხვევაში როდესაც საქორწინო ხელშეკრულება იდება ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ქორწინების ნებისმიერ პერიოდში იგი ძალაში შედის მისი დადების მომენტიდან.

      საქორწინო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს არა ნებისმიერი სამართალურთიერთობები, რომლებიც მეუღლეთა შორის ქორწინებაში წარმოიშობა, არამედ, სახელდობრ მათი უფლებები და მოვალეობები ქონების მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლში დადგენილი საერთო წესის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ნებისმიერი ქონება მათ თანასაკუთრებას წარმოადგენს.

     რადგან საქორწინო ხელშეკრულების ობიექტს ქონებრივი, ანუ ქონებასთან დაკავშირებით და ქონების გამო წარმოშობილი მეუღლეთა უფლებები და მოვალეუბები წარმოადგენენ,პირველ რიგში, აუცილებელია იმის დადგენა, თუ რა ქონებაზეა საუბარი.

     როგორც წესი, ქონებაში იგულისხმება ცალკეული ნივთი ან მათი ერთობლიობა ასევე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მეუღლეთა ქონება შედგება მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი და თითოეული მეუღლის კუთვნილი ქონებისაგან.

      კანონში ასევე გათვალისწინებულია სიტვაცია, როდესაც თითოეული მეუღლის ქონება მათ თანასაკუთრებად შეიძლება იქნეს აღიარებული. ეს შესაძლებელია, თუ დადგინდება, რომ ქორწინების პერიოდში მეუღლეთა საერთო ქონების ან ერთ-ერთი შრომის ხარჯზე განხორციელდა დაბანდებები, რომელთაც მნიშვნელოვნად გაზარდეს ამ ქონების ღირებულება.

     მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებაში განსაზღვრონ თავისი უფლებები და მოვალეობები თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესის შესახებ; მათ აქვთ უფლება განსაზღვრონ ქონება, რომელიც განქორწინების შემთხვევაში გადაეცემათ თითოეულ მეუღლეს. ასევე მეუღლეებს უფლება აქვთ, ჩართონ საქორწინო ხელშეკრულებაში ნებისმიერი სხვა დებულება, რომელიც მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებს შეეხება.

    როგორც თემის დასაწყისში ვახსენე, რომ მეუღლეებს აქვთ უფლება თავად გადაწყვიტონ  ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებათა განხორციელება.

მეუღლეებს ან მომავალ მეუღლეებს უფლება აქვთ ხელშეკრულებაში დაარეგულირონ განქორწინების შემთხვევაში საგდომით სარგებლობის საკითხი, რომელიც კანონის თანახმად წარმოადგენს ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებას ან ისეთი ქირავნობის ხელშეკრულების ობიექტს, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინებამდე გაფორმდა.ორივე შემთხვევაში მეორე მეუღლეს აქვს მხოლოდ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის მეორადი უფლება, დაფუძნებული ქორწინების რეგისტრაციაზე.ასე, რომ თუ მოცემული უფლების წარმოშობის საფუძველი ქორწინების რეგისტრაციაა, მისი შეწყვეტის საფუძველი განქორწინების რეგისტარცია იქნება.ამასთან დაკავშირებით საქორწინო ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს, რომ განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან მეორე მეუღლეს უწყდება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღრული პირობების დადგენილი წესით სრულქმედუნარიანად შეიძლება იყოს მიჩნეული მოქალაქე, რომელსაც თექვსმეტი წელი შეუსრულდა, მაგრამ ემანსიპაცია არ აისახება დაქორწინებისა და საქორწინო გარიგების დადების შესაძლებლობაზე. ჩემი აზრით არასრულწლოვანის ამ შემთხვევაში ემანსიპაცია თავის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს, ანუ უნდა გაისაზღვროს რამდენად მზადაა ფსიქოლოგიურად პიროვნება ქორწინებისთვის და რომ შემდგომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შედეგები რასაც განქორწინება ახლავს.

     საქორწინო ხელშეკრულება, როგორც წესი, უვადოა, მაგრამ შეთანხმება შეიძლება ვადიანი იყოს, ანუ განსაზღრული ვადით დაიდოს, მაგალითად: 10-20 წლით. საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების რაიმე ვადების დადგენისას, აუცოლებელია ამა თუ იმ უფლების სპეციფიკის გათვალისწინება ამიტომ საქორწინო ხელშეკრულებაში არ შეიძლება დადგენა იმისა, თუ მაგალითად:რაიმე ქონება ქმრის საკუთრებაში დაუშვათ ათი წლით გადადის მთავარი ის არის რომ რაიმე გზით არ შეიზღუდოს ქორწინებაში მყოფი მეუღლეთა უფლებები და ერეთ-ერთ მათგანს მიენიჭოს ისეთი უფლება, რომელიც შეზღუდავს მეორე მეუღლის უფლებას.

    გარიგება გადადების პირობით დადებულად ითვლება, თუ გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე ან ისეთ მოვლენაზე, რომელიც უკვე დამდგარია, მაგრამ მხარეთათვის ჯერ კიდევ უცნობია(96-ე მუხლი) მაგალითად: საქორწინო ხელშეკრულებაში მეუღლეებმა მიუთითეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ ვაჟი გაუჩნდებათ, ქორწინებისას შეძენილი ავტომანქანის საკუთრების უფლება ქორწინების პირველი ორი წლის განმავლობაში ცოლს გადაეცემა.

    საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება მეუღლეთა პირადი არაქონებრივი უფლებებისა და ბავშვთა მიმართ მათი უფლებების და მოვალეობების რეგულირება, საქორწინო ხელშეკრულებას,როგორც სპეციალურ სუბიექტურ შემადგენლობის მქონე შეთანხმებას, შეუძლია მხოლოდ მეუღლეთა ქონებრივი ურთირეთობების განსაზღვრა და მასში არ უნდა შედიოდეს პირობები, რომელიც მესამე პირებს შეეხებათ. [13]

     საქორწინო ხელშეკრულებისადმი მიძღვნილ ნაშრომში, ს.ვ. კაირჟანოვა კანონმდებელს სთავაზობს საქორწინო ხელშეკრულების არსებულ ნორმაში მეუღლეთა პირადი არაქონებრივი ურთიერთობების რეგულირების საკითხის შეტანას.ს.კ.კაირჟანოვას აზრით, საქორწინო ხელშეკრულებაში აუცილებელია მეუღლეთა პირადი არაქონებრივი ურთიერთობების გათვალისწინება ისეთი წვრილმანების ჩათვლით, როგორიცაა ქმრის მოვალეობა ცოლს კვირაობით ლოგინში მიართვას საუზმე თვეში ერთხელ აჩუქოს წითელი ვარდების თაიგული ან ცოლის მოვალეობა, თვეში ერთხელ მოამზადოს ეროვნული კერძი, მოიწვიოს ქმრისთვის სასურველი სტუმარი. ამავე ავტორის აზრითმეუღლეთა შორის ინტიმური რეგულირების მიზნით საქორწინო ხელშეკრულების ტექსტში შესაძლებელია ისეთი პუნქტის შეტანა, რომელშიც დადგენილი იქნება სქესობრივი პირობები და ის, რომ მამაკაცების ფიზიოლოგია უფრო მეტად უნდა იყოს გათვალიწინებული ვიდრე ქალისა.

     ჩემი აზრით მიზანშეწონილია ღრმად ჩავწვდეთ საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტს ამისათვის საჭიროა, რომ შევეხოთ საქორწინო კონტრაქტის ამა თუ იმ განსაზღვრებას, ბათილობას შეწყვეთას, შეცვლას და ა.შ. წინამდებარე მიმოხილვაში მოკლედ იყო გადმოცემული ყველაფერი ამ საკიტხებთან დაკავშირებით ახლა კი ვრცლად განვიხილავ საქორწინო კონტრაქტის  ინსტიტუტს.

 

საქორწინო კონტრაქტის შინაარსი

საქორწინო კომტრაქტის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მისი შინაარსი. იგი შეიძლება შედგებოდეს რამოდენიმე ნაწილისაგან , ასე მაგალითად: კონტრაქტის ზოგად ნაწილში შეიძლება გადმოცემული იყოს საერთო ხასიათის ის დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ საქორწინო კონტრაქტისა და მოქმედი საოჯახო კანონმდებლობის თანაფარდობის საკითხს. კონტრაქტის მონაწილე მხარეთა ვალდებულებებს ქორწინების შენარჩუნებისა და საოჯახო ურთიერთობათა განცალკევების სფეროში . განქორწინების შემთხვევისათვის თანაზიარი საკუთრების ობიექტზე ინდივიდუალური ქონების რეჟიმის დაწესებას, რაც განხილული მაქვს წინა  თემაში. განქორწინებაში თითოეული მეუღლის ბრალეულობის გათვალიწინებას და სხვა.აშშ-ს მაგალითზე დაყრდნობით , მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ “ქართულისაქორწინო კონტრაქტის”ზოგადი ნაწილი მოიცავდეს დეკლარაციული ხასიათის განსაზღვრებებსა და დათქმებს, არგეთვე თეზისური ხასიათის იმფორმაციას, რომელთა მთავარი მიზანი და ამოცანა არის ოჯახის სიმტკიცის უზრუნველყოფის გზების და ხერხების ჩამონათვალი,აქცენტირება კი მათში უნდა ხდებოდეს მხარეთა სიყვარულის და სულიერ სიმტკიცეზე. ამ ნაწილში შესაძლებელია აღნიშნული იყოს, რომ მხარეებს შორის არსებობს სიყვარულის წმინდა გრძნობა, რომელიც განაპირობებს მათ სურვილს იყვნენ ერთად და შექმნან ოჯახი.

     საქორწინო ხელშეკრულების ძირითად ნაწილში შეიძლება განისაზღვროს მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ცალკეული სახეების სამართლებრივი რეჟიმი, კონტრაქტში შეიძლება გათვალიწინებულ იქნას დამატებითი პირობები, მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1176-ე მუხლიეძღვნება საქორწინო კონტრაქტის შინაარს. ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, საქორწინო კონტრაქტი შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე; საქორწინო კონტრაქტით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრების კანონით დადგენილი წესი; მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება , რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც.

     საქორწინო კონტრაქტის საფუძველზე, მეუღლეებმა შეიძლება გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება. ასეთ ქონებაში ჩაირიცხება არა მარტო ინდივიდუალური საკუთრება , არამედ საერთო-თანაზიარი საკუთრებაც. შესაძლებელია არა მთელი ქონების, ინდივიდუალური და თანაზიარი საკუთრების მხოლოდ ნაწილის გაერთიანება. დანარჩენი ნაწილი კი შეინაჩუნებს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მისთვის დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს.

     საქორწინო კონტრაქტი შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა შემოსავლებში მონაწილეობის შესაძლებლობასაც. მაგალითად, ერთი მეუღლე კონტრაქტით იღებდეს ვალდებულებას სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი გადასცეს მეორე მეუღლეს, ხოლო მეორე მეუღლე იღებდეს ვალდებულებას მის მიერ მიღებული დივიდენდების მეუღლისათვის გადაცემის შესახებ.

             ქართული საქოგადოების სოციალურ-ფსიქოლოგიური დამოკიდებულების პრობლემა საქორწინო კონტრაქტისადმი

ცნობილია, რომ სახელმწიფოში მოქმედი სამართლებლივი სისტემა და შესაბამისად ნორმატიული ბაზა, შეძლებისდაგვარად ადეკვატური უნდა იყოს საზოგადოებაში არსებულ ურთიერთობებთან და ამავდროულად ასრულებდეს საზოგადოების ერთგვარ ”დაკვეთას” სახელმწიფო ინტერესზე დაყრდნობით. ნორმატიული აქტების სისტემა თავის მხრივ შესაძლებელია ან პასუხობდეს ადეკვატურობის ამ პარამეტრს ან არა. უკანასკნელის შემთხვევაში, შესაძლებელია იგი უსწრებდეს ან ჩამორჩებოდეს ”საზოგადოებრივ დაკვეთას”.

განსახილველ საკითხთან მიმართებაში, ცივილისტები და კანონმდებელი წინდახედული აღმოჩნდა და იმ დროისათვის მიუხედავად ”საზოგადოებრივი დაკვეთის” სიმცირისა განამტკიცა საკანონმდებლო დონეზე ისსამართალმდგომარეობანი, რომელთა არსებობის ”საზოგადოებრივი დაკვეთა” დღითიდღე მატულობს.

დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ფარგლებში პრაქტიკულად ყველა

ქვეყნის სამოქალაქო თუ საოჯახო კოდექსებში, რომლებიც იცნობენ საქორწინო კონტრაქტის ინსტიტუტს შეიმჩნევა ბევრი საერთო პრინციპი და სამართალმდგომარეობანი.

ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი გახლავთ ის, რომ საქორწინო კონტრაქტის მეოხებით, მეუღლეებს შეუძლიათ განსაზღვრონ და დაარეგულირონ მხოლოდ ქონებრივი ხასიათის ურთიერთობანი, ხოლო არაქონებრივი ხასიათის ურთიერთობების რეგულირება და მასთან დაკავშირებული დებულებების განსაზღვრა კონტრაქტში ერთი შეხედვით დაუშვებელია.

კანონმდებლები ამ პრინციპის შემუშავება/დამკვიდრებისას ხელმძღვანელობდნენ დებულებით, რომ კონტრაქტი შესაძლოა შეიცავდეს მხოლოდ იმ სამართალმდგომარეობებს, რომლებიც უზრუნველყოფილია სასარჩელო დაცვით. ნორმატიულ აქტებში ჩაიდო დებულება__,,მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში ისე განქორწინებისას (მაგ. იხ. სსკ 1172-ე მუხლი).

წინააღმდეგობაში მოდის სსკ 1173-ე მუხლთან, რომელშიც ნათქვამია – ”საქორწინო კონტრაქტი შეიძლება დაიდოს, როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს”. სსკ 1172-ე მუხლმა, რომელმაც საერთო წესის თანახმად, როგორც ინსტიტუტში შემავალმა პირველმა ნორმამ უნდა განსაზღვროს ცნება, საუბრობს მხოლოდ ”მეუღლეთა უფლებაზე დადონ საქორწინო კონტრაქტი”. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ სამართლის ნორმაში აუცილებლად უნდა ჩაემატოს – ”დასაქორწინებელ პირებს ან…”. ამ შემთხვევაში აღნიშნული სამართლის ნორმა იქნება სამართლებლივად გამართული).

     საქართველოში ბევრი პრაქტიკოსი იურისტი განმარტავს, რომ თითქოს და დასაქორწინებელ

პირებს ან მეუღლეებს ამ ნორმის საფუძველზე ერთმევათ უფლება კონტრაქტში განსაზღვრონ არაქონებრივი ხასიათის უფლებები და მოვალეობები, რაც ვფიქრობ, მოკლებულია სამართლებლივ საფუძველს. მართალია მაგ.: საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მეუღლეთა საკონტრაქტო ურთიერთობები რეგლამენტირებულია მხოლოდ ათი მუხლით, მაგრამ სამოქალაქო სამართლის პრინციპები და მთელი რიგი სამართლის ნორმათა ანალიზი და მათი შეჯერება გვაძლევს არც თუ ისე მწირე შესაძლებლობებს.

    ცნობილია, რომ საქართველოს კერძო სამართალი იყენებს და ეყრდნობა პრინციპს, ”რაც კანონით პირდაპირ აკრძალული არ არის – ნებადართულია”. სსკ-ს ზემონახსენები 1172-ე მუხლი მოთხოვნის სავალდებულო ძალის მიხედვით არის დისპოზიციური. ხოლო მისი დისპოზოცია – აღმჭურველი, ანუ ფორმულირებული, როგორც პირის უფლებამოსილება ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისა. რაც შეეხება აკრძალვას, სსკ-ს 1179-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს საქორწინო კონტრაქტით მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობის, მშობლების უფლება-მოვალეობების შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობებისა და დავის შემთხვევაში სასამართლოში მიმართვის უფლების შეცვლას (შეზღუდვას). აღნიშნული სამართლის ნორმის დისპოზოცია მასში გამოხატული ქცევის წესის ფორმის მიხედვით არის ამკრძალავი.

საყურადღებოა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მეუღლეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერი სახის გარიგებებში, რომლებიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით. ამგვარად, ზემომოყვანილ მდგომარეობათა შეჯერების საფუძველზე საქორწინო კონტრაქტის მხარეებს აქვთ სრული შესაძლებლობა შეთანხმდნენ არა მხოლოდ ქონებრივ უფლებებზე და მოვალეობებზე, არამედ არაქონებრივზეც. სხვა საკითხია დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს პოზიცია დარღვეულ უფლებასთან დაკავშირებით კერძო საკუთრების პრინციპების განმტკიცებამ ხელი შეუწყო საქორწინო კონტრაქტის დამკვიდრების საკითხს. ”საბჭოური” სისტემის დროს მეუღლეებს შორის ქონებრივი ურთიერთობის საკონტრაქტო წესით რეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

რა არის პრობლემა ამ ხელშეკრულებით არ სარგებლობის? პირველ რიგში შეძლება ვთქვათ რომ ეს არის საზოგადოების მიდგომა ამ ინსტიტუსი მიმართ, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ საზოგადოების აზროვნება და ფიქრი ამ ხელშეკრულების რაობაზე, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარე შესაძლოა ქონდეს საქორწინო კონტრაქტს.

ამის შემდგომ საზოგადოება რომელიც ცხოვრობს ტრადიციების გარემოცვაში მათვის მიუღებელია რომ გააფორმონ საქორწინო კონტრაქტი ანდა იფიქრონ მის დადებაზე, სწორედაც რომ ეს პრობლემური მიდგომა ამ ინსტიტუტის მიმართ ასახვას პოულობს საქორწინო ხელსეკრულებათა გაფორმების სტატისტიკაში.

საზოგადოებამ უნდა გაათვიცნობიეროს თუ რას წარმოადგენს თავად საქორწინო კონტრაქტი და რა სარგებელი უნდა მოუტანოთ მათ შემდგომ სწორედ ამისთვისაა საჭირო,რომ თავად საქორწინო კონტრაქტი წარმოჩენილ იქნას  დადებით ფენომენად რაზეც კანონმდებელმა უნდა იზრუნოს.

დასკვნა და პირადი მოსაზრებები

სტატიის საბოლოო შეფასებისთვის, უნდა გავაკეთოთ ერთგვარი რეზიუმე. რა შეიძლება ითქვას, დამატებით, თუ მასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ განხილულ თემაში წარმოვაჩინე საქორწინო კონტრაქტის მნიშვნელოვანი გარემოებები.

     შეიძლება იმის თქმაც, რომ საქორწინო კონტრაქტი ამა თუ იმ ქვეყნისათვის არაა მისაღები, მაგრამ ჩვენ ხომ ზოგადად ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტზე, ამიტომაც არ უნდა ამოვიდეთ ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციებიდან. ეს ისეთივე ხელშეკრულებაა როგორსაც ჩვეულებრივი ფიზიკური და იურიდიული პირები ითვალისწინებენ უფლება მოვალეობებს, ერთი განსხვავებით, ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობს ცოლ-ქმარი და უფლება მოვალეობებიც პირად ურთიერთობის საკითხებს შეეხება.

   ბევრი უცხოელი იურისტი დადებითად ეკიდება საქორწინო კონტრაქტის ინსტიტუტს, ვინაიდან მათი ხედვით, აღნიშნული საშვალებას იძლევა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ფართო არეალში გაშლას რაც საქორწინო კონტრაქტით სრულდება.

  XXI-ე საუკუნეში უკვე ფართო ასპარეზი დაეთმო საქორწინო კონტრაქტს, ვინაიდან მაღალი ეკონომიკური დონის ქვეყნებში, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს , ის რომ მეუღლეებმა უკვე არსებული და მომავალი ქონება გაიყონ თანაბრად ან და განსხვავებული წილობრივი რეჟიმით.

  ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ინსტიტუტის განვითარება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს მეუღლეთა შემდგომ ცხოვრების გაგძელებას. საქართველოში ჯერ-ჯერობით არ  იგძნობა სანდოობა ამ ხელშეკრულების მიმართ, ვინაიდა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაკავებულია სულ სხვა საფიქრალით: სოციალური პრობლემა, პირადი პრობლემა და სხვა. ამიტომაც ძნელია, რომ განვითარებად ქვეყანას მოვთხოვოთ რაც შეიძლება მეტი და მეტი ხელშეკრულების გაფორმება.

  შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ არ შეიძლება რომ მეუღლეები კონტრაქტის გარეშე შეთანხმდენ განქორწინების შემთხვევაში ქონების გაყოფის შესახებ. თუ მეუღლეთა ცხოვრება გრძელდება დიდხანს პატიოსნად, და არავითარი ცუდი ყოფის პირობებში, რატომ არ შეიძლება რომ მათ ეს ქონება ხელშეკრულების გარეშე გაიყონ, მაგრამ პრობლემა ის არის , რომ განქორწინების შემდგომ შესაძლებელია, მეუღლეებმა უარყონ ადრე დადებული ზეპირი ხელშეკრულება, ამისგან დასაცავად კი ერთადერთი  გამოსავალი წერილობითი ხელშეკრულებაა, რათა დადასტურდეს მათი უფლება- მოვალეობები.

  წარსულა ცხოვრებამ და დღევანდელმა ყოფამ გვიჩვენა, რომ საქორწინო ხელშეკრულება განვითარების მნიშვნელოვან გზას ადგას არ იქმნება იმის ბარიერები, რომ შეფერხდეს ამა თუ იმ ქვეყანაში საქორწინო კონტრაქტის დადება.

იმისათვის რომ საქორწინო კონტრაქტი განვითარდეს საქართველოში, ამისათვის მას უნდა ქონდეს საზოგადოების მაღალი სოციალური დონე, რაც სამწუხაროდ არაა ჩვენს ქვეყანაშჳ. ამ პრობლემის გადაჯრის შემდგომ შეიძლება იმაზე საუბარი რომ საქოორწინო კონტრაქტის დადება გახშირდეს მოქალაქეთა შორის. ამიტომაცაა, რომ განქორწინების შემდგომა მეუღლეები მიმართავენ გამუდმებულ პირად დაპიეისპირებას ქონებასთან და სხვა ფასეულებებთან დაკავშირებით.

   პრობლემური საკითხს რაც შეეხება ,ესაა  საქორწინო კონტრაქტის წარმოჩენა მენტალურ ფენომენად. სამართლებრივ-აგრეთვე საქართველოში საქორწინო კონტრაქტის გამოყენების სიმცირის მ მიზეზები.

    ყოველივე აღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია იმით, რომ  წარმოჩენილ იქნეს საქორწინო კონტრაქტის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ვიფიქროთ  საზოგადოების

სამართლებრივი კუთხით და კონკრეტულად საქორწინო ხელშეკრულებით წარმოშობილ პრობლემათა გადაწყვეტის გზებზე.

    კანონმდებელმა უნდა ჩამოაყალიბოს საქორწინო კონტრაქტის ბუნება ისეთი ფორმით რომ შესაძლებლობა მიეცეს საზოგადოებას აღიქვას მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები რაც შემდგომ მის განვითარებას შეუწყობს ხელს,. სოციალუ-ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გაღმავება აღნიშნული ხელშეკრულებისადმი ყოველივე ზემოთ ხსენებული პრობლემის გადაჭრის შემდგომ აშკარად დადებითი იქნება.

     ხშირ შემთხვევაში საზოგადოებამ არ იცის საერთოდ არსებობს თუ არა აღნიშნული ინსტიტუტი ამიტომაც ვერ მიმართავენ ისინი ხელშეკრულების ფორმით დამარეგულირებელ ნორმებს და იქმნება გაუთავებელი დავა მათ შორის.

    საქართველოშიც იმიტომაა ასეთი პასიურობა საქორწინო ხელშეკრულების გამოყენების მიმართ ვინაიდან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის თუ არსებობს თუ არა ეს ნორმები სამართალში ანუ ჩვენს ყვეყანაში ზოგმა კი იცის მარა მათი დამოკიდებულება შეიძლება ითქვას მერყევია სურთ ისარგებლონ მაგრამ ბოლომდე არ აქვთ ნდობა , სწორედაც დასმული პრობლემის გადაჭრამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების დამოკიდებულებას საქორწინო ხელშეკრულებისადმი.

    და ბოლოს საქორწინო ხელშეკრულების როლი აშკარაა თუ რა მნიშვნელობანი სიკეთის მოტანა შეუძლია მას პირისათვის ერთგვარად წინასწარ დაზღვევის საშუალებაა მაგრა ამ შემთხვევაში დამზღვევიც და მზღვეველიც  თავად არის.

                                                                                                                                         ოთარ ჯახველაძე

გამოყენებული ლიტერატურა

1)                   რ. შენგელია ( საოჯახო სამართლის კომენტარი) 1999წ გვ.3-6

2)                   ივ. ჯავახიშვილი (ქართული სამართლის ისტორია) თხზ.ტ6 გვ 153

3)                   ივ. ჯავახიშვილი ტ6 გვ.144-146 თბ.1982

4)                   გ.ნადარეიშვილი (ძცელი ქართული საოჯახო სამართალი)თბ. 1996

გვ.20

5)                   ჟურნალი “სამართალი” 2000 NID 11-12

6)                   ივ.,ჯავახიშვილი თხზ. ტ6 გვ.265

7)                   გიორგი ნადარეიშვილი (ძველი საოჯახო სამართალი)

8)                   Чефранова Е. А. Имушественные отношения в Российской семье, М.,

1997, ст. 52;

Гонголо Е. М., Крашенников П. В., Брачный Договор, 2002, ст. 6-7;

Игнатенко А., Скрыпников Н, Брачный Договор. законный режим

имушество супругов, М. 1997, ст. 38;

Бондов С.Н., Брачный договор, М., 2001, ст. 3

9)                   შალვა ჩიკვაშვილი, საოჯახო სამართალი, თბილისის, მე-4

გამომცემლობა, 2004, გვ. 183.

10)               Максимович Л. Б., Брачный Договор в Росийском праве, 2003, ст. 56.

11)               Традниня в Российском семье, 1947, ст. 26-29

12)               Насынова Л. Р., Брачный контракт в книге «Договор в гражданском

правде проблемы теории и практики», Алмааты, 2000, ст, 136.

13)               Игнатенко А., Скрышников Н., Брачный договор. Законный режим

имушество супругов, 1997, с. 39.

14)               Каиржанова С. Е. Проблемы брачного договора, в книге «Договор в

гражданском правде: проблемы теориии практики», Алмааты, 2003. том 1., ст, 142-143.

15)               Гражданское прадо М., 2001, с. 86.

Максимович Л. Б. Брачный договор в Российском правде. М., 2003, ст. 104

16       გიორგი თუმანიშვილი „საქორწინო კონტრაქტი“


.

 

Tags: , , , , , , , , , , , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: